თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტს დროებითი კომისიის შექმნა ნებისმიერ საკითხზე უნდა შეეძლოს
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტს დროებითი კომისიის შექმნა ნებისმიერ საკითხზე უნდა შეეძლოს

საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას იმ შემთხვევაში, თუ ვეძებთ კანონდარღვევას, ხოლო საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე უნდა შეიქმნას სხვა დროებითი კომისია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს განიხილავენ.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი ახლა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს პარლამენტში. უკვე მეტი ინფორმაცია გვაქვს ყველას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფუნქციონირებს. რაც შეეხება სხვა დროებით კომისიას, დღეს არსებულ კანონმდებლობაში გვიწერია, რომ სხვა დროებითი კომისია შეიძლება შეიქმნას მხოლოდ სამ შემთხვევაში. ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, აუდიტის შეფასებასთან დაკავშირებით და პეტიციასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვცვლით ორივეს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეიცვალა.

„კონსტიტუციამ დაადგინა, რომ თუკი დღეს 76 ხმა სჭირდება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, ნოემბრიდან ამას დასჭირდება 50 ან ერთი მესამედი. ჩვენ რეგლამენტი შესაბამისობაში მოვიყვანეთ კონსტიტუციის ჩანაწერებთან. ასევე გთავაზობთ, ვთქვათ, რომ სხვა დროებითი კომისიის შექმნისთვის ეს სამი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს. ანუ პარლამენტს უნდა შეეძლოს არა საგამოძიებო, არამედ სწორედ დროებითი კომისია შექმნას ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მისთვის არის საინტერესო“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა აქტორისგან მხრიდან გაჩნდა კითხვა.

„დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მთავარ საფუძვლად ეწერა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი პარლამენტი გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სხვა დროებითი კომისია შეიძლება შეიქმნას არამხოლოდ იმ სამ შემთხვევაში, რაც ჩამოვთვალე, არამედ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, მაშინ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ან ზოგადად საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე უნდა შეიქმნას სხვა დროებითი კომისია, ხოლო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვეძებთ კანონდარღვევას, რაღაც ფორმის კანონდარღვევას, ამ შემთხვევაში უნდა იყოს გამოძიება, ხოლო თუ ჩვენ ვიკვლევთ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, სადაც იმის განცდა კი არ გვაქვს, რომ კანონდარღვევა უნდა აღმოვაჩინოთ, არამედ უბრალოდ საზოგადოებისათვის საინტერესო თემაა, მაშინ ეს საკითხი უნდა იკვლიოს სხვა დროებითმა კომისიამ. ასეთ ვერსიას ვთავაზობთ პარლამენტს. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი მიდგომაა, თუმცა მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრები რას ჩათვლიან“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია და გურამ მაჭარაშვილი. კანონპროექტის ავტორია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.