თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრება 100 დღეში 35 %-ით გაზრდილია
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრება 100 დღეში 35 %-ით გაზრდილია

პარლამენტის წევრთა დასწრება პარლამენტის სხდომებზე ამ 100 დღეში 35 %-ით გაზრდილია, რაც ძალიან დიდი ციფრია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სასტუმრო „თბილისი რუმსში“, საპარლამენტო რეფორმის პირველადი შედეგების წარდგენამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს აქვთ შესაძლებლობა, შეაჯამონ საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობის 100 დღე.

„დეკემბერში ძალაში შევიდა, როგორც საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები შემოაქვს პარლამენტთან დაკავშირებით, ასევე პარლამენტის ახალი რეგლამენტი. დასაწყისში, როცა ამ ცვლილებებზე ვმუშაობდით, ვამბობდით, რომ ჩვენი მიზანია ის, რომ პარლამენტი იქცეს პოლიტიკურ ცენტრად, გაჩნდეს ბალანსი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის და პარლამენტმა მოახერხოს ერთის მხრივ ხარისხიანი კანონმდებლობის მიღება, მეორეს მხრივ მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.  ჩვენ თავიდან არ ვგეგმავდით ამ ღონისძიების გამართვას, მაგრამ ამ 100 დღის განმავლობაში იმდენად შთამბეჭდავია შედეგები, რიცხვები და სტატისტიკა, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რომ გადავწყვიტეთ ეს ღონისძიება გაგვეკეთებინა. გვესაუბრა როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებსა და პრობლემებზე.

პარლამენტის წევრთა დასწრება პარლამენტის სხდომებზე ამ 100 დღეში 35 %-ით გაზრდილია, რაც ძალიან დიდი ციფრია. მთავრობის წევრების წარმომადგენლობას თქვენი თვალითაც ხედავთ, რა მასშტაბი აქვს მიღებული.

თუ წლების განმავლობაში მინისტრი და მთავრობის წევრები ნანახი არ ჰყავდათ პარლამენტის წევრებს სხდომათა დარბაზში და კომიტეტებში, ხედავთ, რომ მხოლოდ 100 დღეში 10 მინისტრი იყო სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენილი. არც ერთი უარი დაბარების შემთხვევაში მოსვლაზე უარი სახეზე არ გვქონია. რაც თავისთავად ნიშნავს, რომ პარლამენტი სხვანაირია“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის თქმით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს და ეს პოლიტიკური სცენების ადგილი არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყეთ ხარისხიანი და შინაარსობრივი საპარლამენტო კონტროლი, თემატური მოკვლევები, კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი. საზოგადოებამ უნდა დაინახოს და ზუსტად იცოდეს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს და ეს პოლიტიკური სცენების ადგილი არ არის.

მადლობელი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის, რადგან რაც გაკეთდა, ამ ყველაფერში ბიუჯეტის ერთი თეთრი გადახდილი არ არის. ეს ყველაფერი დონორების დაფინანსებითაა გაკეთებული“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, სასტუმრო„თბილისი რუმსში“ შეხვედრა იმართება, სადაც საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველად შედეგებზე მსჯელობენ.