თამარ ჩუგოშვილი - ორგანიზატორებმა წელს მიიღეს ღონისძიების ისეთი ფორმით გამართვის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს
თამარ ჩუგოშვილი - ორგანიზატორებმა წელს მიიღეს ღონისძიების ისეთი ფორმით გამართვის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს

წელს, ორგანიზატორებმა მიიღეს ღონისძიების ისეთი ფორმით გამართვის გადაწყვეტილება, რომელიც შსს-ს და მთლიანად ქვეყანას საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ბუნებრივია, მოქალაქეთა უფლებები დაცული უნდა იყოს და ამავე დროს, ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, შედეგად ფიზიკურად დაზიანებული ადამიანები, მასობრივი არეულობები და მსგავსი რამ არ მივიღოთ. პირველ რიგში, ეს არის ინტერესი და ყველა ვცდილობთ, ამ შედეგამდე მივიდეთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ერთი მხრივ, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს იმდენად რთული საკითხია, ასეთი პროცესი ძალიან რთულად მიდის არა თუ საქართველოში, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაშიც და არის არა ერთი წევრი ქვეყანა, სადაც საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე „თბილისი პრაიდის“ მსგავსი ღონისძიებები არ, ან ვერ იმართება.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია საკმაოდ მკაფიოა. პირველ რიგში, შსს-ს პოზიცია, რომელიც ჩემი აზრით, სრულიად ლეგიტიმურად ამბობს, რომ პირველ რიგში, მთავარი ინტერესია, თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის შსს-ს პოზიციას, რომ რისკების გათვალისწინებით უმჯობესია, მსვლელობა არ ჩატარდეს, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ შსს-ს ყველაზე უკეთ აფასებს, რა ტიპის რისკები შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ ღონისძიების გამართვასთან; ფიზიკურად შეძლებს თუ არა უწყება, რომ ღონისძიებაზე უსაფრთხოების დაცვას გაწვდეს და მას არანაირი საფუძველი არ აქვს, შსს-ს შეფასებას არ ენდოს, რადგან ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, დაცული იყოს უფლების რეალიზაცია, მაგრამ ამავე დროს, მთავარი ინტერესი ყველა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„ეს არის მათი ამოსავალი წერტილი და არანაირი საფუძველი არ მაქვს, მათ ამ შეფასებას არ ვენდობოდე. მით უმეტეს, როცა ვხედავთ აგრესიის დონეს და მასშტაბებს, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში აქვს ადგილი. ამ რისკების შეფასების საფუძველზე ალბათ, სრულიად ლეგიტიმურად აქვთ უფლება, ის განცხადება გააკეთონ, რაც გააკეთეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.