თამარ ჩუგოშვილი - ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლების დაცვა არის პრიორიტეტი, მნიშვნელოვნია, აქციების ორგანიზატორებმა შსს-სთან ითანამშრომლონ
თამარ ჩუგოშვილი - ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლების დაცვა არის პრიორიტეტი, მნიშვნელოვნია, აქციების ორგანიზატორებმა შსს-სთან ითანამშრომლონ

ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლების დაცვა არის პრიორიტეტი, მნიშვნელოვნია, აქციების ორგანიზატორებმა შსს-სთან ითანამშრომლონ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციისა და კონტრაქციის შეფასებისას. ჩუგოშვილმა აქციაზე პოლიციის მუშაობა შეაფასა.

„ვფიქრობ, გუშინ ძალიან კარგად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი მთავარი ფუნქცია რაც იყო ორი ჯგუფის ერთმანეთისგან იზოლირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობის მიცემა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაცია მომხდარიყო, ამისთვის მათ მაქსიმუმი გააკეთეს. მათ მოუწიათ ძალიან ბევრი პირის დაკავება კონტრაქციიდან. როგორც ვიცი, ათეულობით ადამიანი განარიდეს, რომლებიც სამართალდარღვევას ჩადიოდნენ ან აგრესიულად იქცეოდნენ, ცდილობდნენ, რომ მაქსიმალურად გაერიდებინათ.

ზოგადად, რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმის ყურება, რომ ასეთი დაპირისპირების საგანი ხდება ესა თუ ის თემა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ჯგუფს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს თავისი აზრი, მშვიდობიანად შეიკრიბოს. ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და შესაბამისად, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ უფლების რეალიზაცია მოახდინოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თამარ ჩუგოშვილის კომენტარით, მიეცათ თუ არა მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების შესაძლებლობა: „ვფიქრობ, პოლიცია მაქსიმალურად იყო მობილიზებული მათ დასაცავად. ეს არის, რაც მე გუშინ ვიხილე. ორგანიზატორებს კიდევ ექნებათ კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვიცი, რომ კიდევ გეგმავენ შეხვედრებს. ერთი, რაც არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს გადმოსახედიდან, უმთავრესი ინტერესი ნებისმიერი პირის უსაფრთხოების დაცვაა, მათ შორის, ორგანიზატორების დაცვა სადავო ვერ იქნება. მთავარია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ და იყვნენ უსაფრთხოდ. შემდეგ უკვე, პრიორიტეტი არის ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლების დაცვა. მნიშვნელოვნია, ორგანიზატორებს თანამშრომლობა ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. როცა ასეთ თემებზეა საუბარი, სპონტანური მოქმედებებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ვხედავთ, არსებობენ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უპირველესად უსაფრთხოება, შემდგომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას „თბილისი პრაიდის“ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდი, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის ამოსავალი კონსტიტუციაა.

„საპატრიარქოს თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს, მათ განცხადებაც გააკეთეს და მათი მოსაზრება გასაგებია, თუ რას ფიქრობენ საპატრიარქოს წარმომადგენლები. თუმცა, რა მოწოდებაც უნდა გაკეთდეს, კონსტიტუცია არის კონსტიტუცია და კონსტიტუციური მოთხოვნები სახელმწიფოსთვის არის ამოსავალი“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ აქციაზე მედიის მიმართ აგრესია მიუღებელია. მისი თქმით, კონკრეტული პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ძალადობის წამახალისებელი იყო. ჩუგოშვილის შეფასებით, იყო თუ არა ამ განცხადებებში დანაშაულის ნიშნები, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ შეიძლება იდგეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ, პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ მათ შორის, რუსეთი.