თამარ ჩუგოშვილი - მგონი, პასუხისმგებლობას შსს-ს გარდა ყველა გაურბის
თამარ ჩუგოშვილი - მგონი, პასუხისმგებლობას შსს-ს გარდა ყველა გაურბის

მგონი, პასუხისმგებლობას შსს-ს გარდა ყველა გაურბის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ისინი არიან პასუხისმგებელი, არავინ არ დაზიანდეს და დაზარალდეს. შესაბამისად, ისინი პასუხისმგებლობას კი არ გაურბიან, პირიქით, პასუხისმგებლობით ეკიდებიან იმას, რომ მძიმე შედეგები არ მივიღოთ კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ ადგილას, სადაც ეს ღონისძიება გაიმართება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ნიშნავს თუ არა შსს-ს პოზიცია იმას, რომ ის პასუხისმგებლობის აღებას გაურბის, ორივე მხარის ინტერესები დაიცვას, რადგან როგორც უწყებამ განაცხადა, უმჯობესია, „თბილისი პრაიდის“ მსვლელობა არ ჩატარდეს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ზომებს იღებს სამართალდამცავი უწყება იმისთვის, რათა რისკები და საფრთხეები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მთელი ამ დროის განმავლობაში შსს-ს მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდა აქციის ორგანიზატორებთან და მათთვის ღონისძიების გამართვის სხვადასხვა ფორმა იყო შეთავაზებული. მათ შორის – ღია სივრცეში, დაცულ ზონაში გამოხატვა.

„სამწუხაროდ, იყო ნაბიჯები, რომელიც მთლად თანამშრომლობაზე ორიენტირებული არ იყო. იყო ასე ვთქვათ, სპონტანური შეკრება, რამაც ვითარება დაძაბა. სწორედ ამ პარასკევი დღიდან დაიწყო ვითარების უკიდურესად დაძაბვა. პარალელურად, შსს-მ გამოძიება დაიწყო იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ვერის ბაღში ჟღერდებოდა, რომელიც ცალსახად ძალადობრივი იყო და დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, როგორიც არის უკანონო ფორმირებების ორგანიზება, სხვადასხვა ძალადობრივი მოწოდებები და ა.შ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, შსს-ს პასუხისმგებლობა მოწოდებებზე გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემაა. შემდეგ უკვე – აქციის ორგანიზატორებთან კომუნიკაცია, რომ მათივე უსაფრთხოების დასაცავად თანამშრომლობა შედგეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ევროპულ ქვეყნებს აქვთ გამოცდილება, როცა ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარების უფლებას საერთოდ არ აძლევენ ხოლმე, თუ ის საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს.

„ამას ზერელედ ნამდვილად არ ვამბობ. გადავამოწმე და ამიტომ ვამბობ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ცოტა უპასუხისმგებლოა განცხადებები, რომ არ აქვს მნიშვნელობა, პრობლემა რა მასშტაბის იქნება და სახელმწიფომ როგორც უნდა, ისე უნდა მოახერხოს და ამას გაუმკლავდეს.

„ასე მარტივად არ არის. ასეთი განცხადებები შეიძლება, ნახევარი პასუხისმგებლობით ვიღაცამ გააკეთოს, მაგრამ სახელმწიფოს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება, ვინმე არ დაშავდეს და დაზიანდეს. სახელმწიფო ამაზე აგებს პასუხს და რა თქმა უნდა, ის ყველაზე მეტად ფრთხილობს და ყველაზე მეტად ცდილობს, მოვლენების მსგავსი განვითარება თავიდან აიცილოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.