თამარ ჩუგოშვილი - მამუკა ხაზარაძის განაცხადი ვფიქრობ, ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ძალა ფორმირდება
თამარ ჩუგოშვილი - მამუკა ხაზარაძის განაცხადი ვფიქრობ, ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური ძალა ფორმირდება

განაცხადი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალა ფორმირდება, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„სხვანაირად, უბრალოდ, უცნაური იქნებოდა ამ განცხადების გაკეთება, საზოგადოებრივ მოძრაობასთან დაკავშირებით. როგორც კი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ გავაკეთეთ განცხადება, ვხედავთ, რომ ზოგი ჩანს და ზოგი არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი დინება დაიწყო და საკმაოდ ბევრი ახალი მოძრაობა ჩანს. შესაბამისად, შესაძლოა, არა მხოლოდ ეს, სხვა ახალი პოლიტიკური ძალებიც ვიხილოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შესაძლებელია თუ არა, ერთ-ერთი ახალი პოლიტიკური ძალა იყოს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის შექმნაც უკვე დაანონსდა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა „ქართული ოცნება“ 2020 წლის პარლამენტში ისევ უმრავლესობით წარმოდგენილი და ვისთან წარმოუდგენია დღევანდელ მმართველ პარტიას ალიანსში შესვლა უმრავლესობის ფორმირების მიზნით, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, რადგან საქართველოში პოლიტიკური ვითარება თითქმის, ყოველდღიურად იცვლება.

„ერთ წელიწადში იმდენი რამ მოხდება, რომ ამის წინასწარ განჭვრეტა უბრალოდ, შეუძლებელია. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ ყველაზე დიდი რაოდენობის მანდატები ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სხვა პარტიასთან უპირატესობა ექნება, მაგრამ 2020 წლის არჩევნებში 50%-ზე მეტის აღება უკვე, თუ შეუძლებელი არა, ძალიან რთული იქნება. ერთი წლის განმავლობაში შეიძლება, ძალიან ბევრი რამ მოხდეს და შესაძლოა, მოვლენები იმგვარად განვითარდეს, რომ სრულიად სხვა პოლიტიკური ვითარება და რეალობა მივიღოთ, ვიდრე ის სურათი, რაც დღეს გვაქვს. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, რა პოლიტიკური ძალები გამოიკვეთება და როგორ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.