თამარ ჩუგოშვილი - კარგი იქნება, თუ ყველა პოლიტიკური ძალა გარკვეულ კომპრომისზე წავა, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მივიღოთ ნორმალური საარჩევნო სისტემა
თამარ ჩუგოშვილი - კარგი იქნება, თუ ყველა პოლიტიკური ძალა გარკვეულ კომპრომისზე წავა, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მივიღოთ ნორმალური საარჩევნო სისტემა

ყველა პოლიტიკური ძალა თუ გარკვეულ დათმობაზე წავა და ცოტას დათმობს თავისი პრინციპული პოზიციებიდან, შესაძლებელია, შეთანხმება მოხდეს, მაგრამ ამასთან ახლოს არ ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა დიპლომატების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს ოფიციალური შეხვედრები არ არის და ამ შეხვედრებზე ვერც ვერანაირი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება. ეს არც არის მიზანი. აზრების გაცვლა ხდება. დეტალებზე შეგნებულად არ ვისაუბრებ. არ ვიცი, სხვებმა რამე კონკრეტული განცხადებები გააკეთეს თუ არა, მაგრამ არ ვაპირებ, დეტალებზე ვისაუბრო. იყო სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობა. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ყველა მონაწილე პოლიტიკური ძალა გარკვეულ კომპრომისზე წავა, რათა, საერთო ჯამში, 2020 წლის არჩევნებისთვის მივიღოთ ნორმალური საარჩევნო სისტემა. ძნელია საუბარი, ამის შანსი არსებობს თუ არა იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დიდია სხვაობა პოზიციებს შორის და ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა შეხების წერტილები“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, არის სხვადასხვა წინადადება.

„ბევრი ვერსიაა, რომელზეც მიდის პარალელურად საუბარი. ნამდვილად ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. ამიტომ ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ დიალოგის პროცესს და დიდი მოლოდინი არასდროს მქონია. არ ვიცი, რეალურად ამ ოთხ დღეში მოხდება თუ არა შეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკური ძალა თუ გარკვეულ დათმობაზე წავა და ცოტას დათმობს თავის პრინციპული პოზიციებიდან, შესაძლებელია, მოხდეს, მაგრამ ამასთან ახლოს არ ვართ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდიც ფიქრობს იმაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა შეთანხმება მოხდეს.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.