თამარ ჩუგოშვილი - კარგი იქნება, თუ მოსამართლეობის კანდიდატების ძებნას მაქსიმალურად ფართო ველზე დავიწყებთ
თამარ ჩუგოშვილი - კარგი იქნება, თუ მოსამართლეობის კანდიდატების ძებნას მაქსიმალურად ფართო ველზე დავიწყებთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იანვრის ბოლომდე გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პროცესი მარტივად წარიმართება.

„შესაძლოა, იუსტიციის საბჭოდან რამდენიმე ვერსია იყოს, ასევე იდეები შემოთავაზებული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაინტერესებული პირების მხრიდან იმის შესახებ, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმები და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რა პროცესი უნდა გაიაროს, რომ მოსამართლეთა კანდიდატურები შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატის თქმით, სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში უკვე არსებობს და მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

„ჯგუფი წელიწადზე მეტია, არსებობს. ყველა თემაზე, რომელიც სასამართლოსა და მის რეფორმას უკავშირდება, თანამშრომლობა სწორედ ამ ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობს. ჯგუფი შედგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იურიდიული კომიტეტის წევრებისა და საერთაშორისო წარმომადგენლებისგან. ასევე შეხვედრებში იუსტიციის მინისტრიც მონაწილეობდა. სწორედ ეს ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, რომ შევაჯეროთ ყველა იდეა, რომელიც პარლამენტისთვის იქნება წარდგენილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, მიღებული უნდა იყოს ყველაზე ოპტიმალური, სწორი და დაბალანსებული ვარიანტი.

„საბოლოო ჯამში, ორი რამ არის გასაწერი: კრიტერიუმები ზუსტად როგორ განიმარტება და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ზუსტად რა პროცესს წარმართავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. შეხვედრა იანვრის ბოლომდე გაიმართება. შესაძლებელია, ორ-სამ დღიანი სამუშაო პროცესი დაგვჭირდეს, რომ ყველა განსხვავებული იდეა შევაჯეროთ და მივიღოთ ოპტიმალური ვერსია, რაც ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე იქნება, თუ არა სამუშაო ჯგუფში ჩართული უმრავლესობის დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, ჩუგოშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო პროცესში ყველა დეპუტატი უნდა იყოს ჩართული.

„ეკა ბესელია არის პარლამენტის წევრი. სამუშაო ჯგუფში იქნება თუ შემდეგ, როდესაც სამუშაო ჯგუფიდან საკომიტეტო განხილვებზე და საპარლამენტო პროცესში გადაინაცვლებს, ბუნებრივია, რომ ყველა პარლამენტის წევრი ჩართული უნდა იყოს. მით უმეტეს, წევრები, რომლებსაც საკითხი განსაკუთრებულად აინტერესებთ. ამ უფლებას ვერც ერთ დეპუტატს ვერავინ წაართმევს. ფორმატი, როგორც ფუნქციონირებდა, პარლამენტის მხრიდან ძირითადად, იურიდიული კომიტეტი იყო წარმოდგენილი, თუმცა არა მხოლოდ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

ჩუგოშვილის თქმით, ის თავადაც მონაწილეობდა შეხვედრებში მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი არ არის.

პირველი ვიცე-სპიკერისთვის უცნობია, ამ ეტაპზე გადაიხედება თუ არა თვისებრივად ჯგუფის ფორმატი.

„პარლამენტის სხვა წევრებსაც დიდი დაინტერესება აქვთ. შესაბამისად. შეიძლება, ამ სამუშაო ფორმატს სხვადასხვა პირი დაემატოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების ძებნა მაქსიმალურად ფართო ველზე უნდა დაიწყოს.

„ვფიქრობ, გვყავს ღირსეული მოსამართლეებიც, ღირსეული ყოფილი მოსამართლეებიც, ასევე ძალიან კარგი იურისტები, მათ შორის აკადემიურ წრეებში. ჩემი აზრით. მხოლოდ მოსამართლეებს შორის ან სასამართლოს სისტემიდან არ უნდა ხდებოდეს და უზენაესი სასამართლოს 18 ახალი მოსამართლის ძებნა მხოლოდ მოქმედი მოსამართლეებით არ უნდა ჩაიკეტოს. სისტემის გარეთაც უნდა ვცადოთ მაქსიმალურად, საუკეთესო 18 მოსამართლე მოვძებნოთ და უზენაეს სასამართლოში დავნიშნოთ“, – განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.