თამარ ჩუგოშვილი - ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტს დიდი დატვირთვა აქვს, ვფიქრობ, საუბარი კონკრეტული თემების გარშემო წარიმართება
თამარ ჩუგოშვილი - ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტს დიდი დატვირთვა აქვს, ვფიქრობ, საუბარი კონკრეტული თემების გარშემო წარიმართება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი დატვირთვა აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან საქართველოს უსაფრთხოებისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ქვეყანა მუდმივად დგას ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით ჩრდილოელი მეზობლისგან და არამხოლოდ“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, აშშ საქართველოს ყოველთვის უწევს ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას, რათა ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„მისი ვიზიტიც, ვფიქრობ, კონკრეტული თემების გარშემო წარიმართება. ამაზე წინასწარ და შეხვედრის შემდეგაც კონკრეტიკაზე საუბარი შესაძლოა, იყოს შეუძლებელი, მაგრამ ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. ეს გვეხმარება, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს ხვალ ეწვევა.