თამარ ჩუგოშვილი - ის, რომ დასავლეთი ეროვნულ იდენტობას გვართმევს, ჩვენს ღირებულებებს ებრძვის, წმინდა რუსული ნარატივია
თამარ ჩუგოშვილი - ის, რომ დასავლეთი ეროვნულ იდენტობას გვართმევს, ჩვენს ღირებულებებს ებრძვის, წმინდა რუსული ნარატივია

დასავლელ ელჩებთან ჩვენ ნამდვილად არ გვიწევს განმარტებების გაკეთება, რადგან ხელისუფლებიდან მსგავსი რამ არასდროს წამოსულა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ მათთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და რადიკალური ჯგუფები არც ერთ ელჩს არ უკვირს. მსგავს ჯგუფებთან გამკლავების პრობლემა მერწმუნეთ, ყველას თავის ქვეყანაში აქვს და მსგავსი რამის არსებობა ვფიქრობ, არც ერთ მათგანს არ გაუკვირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, უქმნის თუ არა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას პრობლემას კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან საელჩოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, რადგან მათ მიმართ ნეგატიური ეპითეტები ძალიან ხშირად იყო გამოყენებული და მოუხდა თუ არა ამ განცხადებების გამო პარტნიორებთან განმარტებების გაკეთება პირადად მას.

მისი თქმით, ხელისუფლებას განმარტებების გასაკეთებელი არაფერი სჭირს, რადგან ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ქვეყანაში არსებობენ რადიკალური ჯგუფები, რაც მათ შორის, ელჩებმაც კარგად იციან.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, გზავნილები, რაც ვერის პარკიდან ისმოდა, ზუსტად ჯდებოდა რუსული პროპაგანდის გზავნილებში.

„ის, რომ დასავლეთი ეროვნულ იდენტობას გვართმევს, ჩვენს ღირებულებებს ებრძვის და ა.შ, წმინდა რუსული ნარატივია. ამ აგრესიული განცხადებების უკან ვისი რა ინტერესები შეიძლება, იდგეს, ვფიქრობ, საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ იკვეთება. დანარჩენი ბუნებრივია, გამოძიების საკითხია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.