თამარ ჩუგოშვილმა გიორგი გახარიას მიმართა - წაიღეთ ჩვენი დამატებითი ნდობა თბილისში და წარმატებებს გისურვებთ ამბიციური გეგმების განხორციელებაში
თამარ ჩუგოშვილმა გიორგი გახარიას მიმართა - წაიღეთ ჩვენი დამატებითი ნდობა თბილისში და წარმატებებს გისურვებთ ამბიციური გეგმების განხორციელებაში

პოლიცია ამ დღეებში, ამ კვირის განმავლობაში იყო მოწოდების სიმაღლეზე ისე, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„მე მიხარია ამის თქმა, ვინაიდან მახსოვს ის პერიოდიც, როდესაც პოლიციის მეშინოდა, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს, რადგან პოლიცია იყო ყველაზე საშიში ძალა. მიხარია, რომ აქედან ძალიან შორს ვართ, ეს გზა გამოვიარეთ და დღეს სხვა მოცემულობაა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი არის ეფექტურობა, სიმკაცრე, პოლიტიკური ნეიტრალურობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ეს საკმაოდ რთული კომბინაციაა, თუმცა შსს სწორ ნაბიჯებს დგამს მთავარი მიზნების მისაღწევად.

„წაიღეთ ჩვენი ნდობა დამატებით თბილისში და წარმატებებს გისურვებთ ამბიციური გეგმების განხორციელებაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ყველაზე მიშვნელოვანი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოისმინა, იყო ის, რომ უწყებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა არის პრიორიტეტი.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ყველამ დაინახა, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და რომ შსს ყოველდღიურად დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

თამარ ჩუგოშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიცია როგორც იქნა, გახდა ეფექტური და ქალებს გაუჩნდათ განცდა, რომ სახელმწიფო მათ იცავთ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა და აღნიშნა, რომ მინისტრი საკმაოდ დატვირთული კვირის შემდეგ ქუთაისიდან თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით ბრუნდება.

„მგონი ეს ჩვენთვის, თქვენთვის, პარლამენტისთვის და მთლიანად გუნდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს თქვენი ჩამოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს დღე მიუხედავად იმისა, რომ იყო დამღლელი, თქვენი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისთვის არის მნიშვნელოვანი. თქვენი ჩამოსვლა იყო უმნიშვნელოვანესი. გილოცავთ ამ დღის ძალიან წარმატებით და პროფესიონალურად, ძალიან კომპეტენტურად ჩატარებას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.