თამარ ჩუგოშვილი - ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა არ ნიშნავს ჩვენი პრობლემების წამოწევას, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვების მხრივ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ
თამარ ჩუგოშვილი - ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა არ ნიშნავს ჩვენი პრობლემების წამოწევას, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვების მხრივ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა დიდი პასუხისმგებლობაა.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ევროპის საბჭო 47 ქვეყანას აერთიანებს და თავმჯდომარის მანდატს თითოეული ქვეყანა ექვსი თვის ვადით იკავებს.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული შესაძლებლობა ყველა ქვეყნისთვის არის საშუალება, საკუთარი თავი განსაკუთრებულად წარმოაჩინოს.

„ჩვენი თავმჯდომარეობა 27 ნოემბრიდან იწყება და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენთვის ეს საპასუხისმგებლო პერიოდია, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ამ პასუხისმგბელობის აღება თითოეულ ქვეყანას 23 წელში ერთხელ უწევს. როგორც მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, ვალდებულება გვექნება, ამ პერიოდში ორგანიზაციის მუშაობა წარვმართოთ. მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარეობა არ ნიშნავს ჩვენი პრობლემების წინ წამოწევას, შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მონიტორების დაშვებაზე. ამ საკითხზე მსჯელობას გავააქტიურებთ, როგორც ასამბლეაში, ასევე მინისტრთა კომიტეტში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია, რომელმაც ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო.