ევროპარლამენტი ძალიან პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა პირველ არხთან სტრასბურგში, ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მოცულობითი ანგარიშის უდიდესი ნაწილი ამბობს, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს ინტეგრაციის კუთხით და ასევე, არაერთ გამოწვევაზეა საუბარი.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დებატები, რომელიც ევროპარლამენტში შედგება და შეეხება საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას. რამდენიმე მიზეზის გამო გვაქვს შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, სხვდასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. ეს ანგარიში, ეს რეზოლუცია და ეს დებატები მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, ამაზე ვესაუბრებით მათ და მეორეა ის საარჩევნო პროცესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს.
პირველი ტურის ნაწილი ქვეყანამ გაიარა, ვემზადებით მეორე ტურისთვის და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტიდან სწორი ინფორმაცია რომ ჰქონდეთ, ვფიქრობ, საქართველოში მიმდინარე პროცესების სწორი აღქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრები გვაქვს საარჩევნო პროცესზე და რეზოლუციაზე. მნიშვნელოვანი იქნება, თუ რაზე გააკეთებენ აქცენტს ევროპარლამენტარები. ანგარიში არის ძალიან პოზიტიური. მოცულობითი ანგარიშის უდიდესი ნაწილი ამბობს იმას, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს ინტეგრაციის კუთხით.
ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვართ იდეალური ქვეყანა და არის გამოწვევები და არაერთ გამოწვევაზეა საუბარი. ზოგიერთი შეიძლება გავიზიაროთ და ზოგიერთი შეიძლება არ გავიზიაროთ. ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ ევროპარლამენტი საერთო ჯამში ძალიან პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია. ანგარიშში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე.