თამარ ჩუგოშვილი - ერთი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება შეუძლებელი იქნება, არც კოალიციური მთავრობის საჭიროებას გამოვრიცხავ
თამარ ჩუგოშვილი - ერთი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება შეუძლებელი იქნება, არც კოალიციური მთავრობის საჭიროებას გამოვრიცხავ

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება შეუძლებელი იქნება.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ნიშნავს, რომ მაჟორიტარული ოლქების მოგება ყველასთვის ძალიან გართულდება, რადგან ოლქები ძალიან მსხვილი იქნება.

„თითოეული ოლქი საკმაოდ დიდ გეოგრაფიას დაფარავს. შესაბამისად, ერთი პარტიის მიერ ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება შეუძლებელი იქნება. ნებისმიერ პარტიას ეს ძალიან გაუჭირდება. გინდ, „ქართული ოცნება“ იყოს, გინდ – ოპოზიცია. ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ შედარებით მცირე პარტიები, რომლებიც დღეს არ არიან წარმოდგენილი, პარლამენტში თავის ერთ-ორ ადგილს იპოვიან და გახდებიან საპარლამენტო პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე. უმრავლესობის შექმნა და მთავრობის დაკომპლექტება ბევრად უფრო გართულებული იქნება, ვიდრე ეს მოქმედი სისტემით არის. არ გამოვრიცხავ არც კოალიციური მთავრობის საჭიროებას. ბევრი რამ  შეიძლება მოხდეს. თუ შეთანხმება შესრულდება, როგორც ქვეყნას, ერს, ამომრჩეველს შესაძლებლობა გვექნება, პროგრამებზე ვისაუბროთ და მოვუსმინოთ, ვინ რას გვთავაზობს. თუ შეთანხმება დაირღვა, საქმე აქამდე არ მივა, პოლიტიკურ ომში ვიქნებით და არჩევნებს უკიდურესად მძიმე პროცესების ფონზე ჩავატარებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გუშინ, 8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40 პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.