თამარ ჩუგოშვილი - ძალიან მიხარია და მაქვს განცდა, რომ ცვლილებებს მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება
ძალიან მიხარია და მაქვს განცდა, რომ ცვლილებებს მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი კენჭისყრა იყო ძალიან სარისკო, რადგან ოპოზიციის დიდი ნაწილი კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
„ჩემი აზრით, არასწორად არ მონაწილეობდნენ. მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში და დაკისრებული პასუხისმგებლობა სისრულეში მოეყვანათ, შეთანხმების თავისი ნაწილი შეესრულებინათ.
მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ რომ ცვლილებები მიგვეღო, რაც არის მნიშვნელოვანი. ძალიან მიხარია და განცდა მაქვს, რომ მესამე მოსმენაზე არანაირი საფრთხე არ დაემუქრება. მე და ჩემმა კოლეგებმა არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას საშუალება არ მივეცით ჩაგდების, რისი მცდელობაც ჰქონდათ. ეს ცვლილებები კარგია ქვეყნისთვის, რომ შემდეგ პარლამენტი იყოს დაბალანსებული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო.