თამარ ჩუგოშვილი - დიპლომატების მხრიდან გაიმართა მეგობრული ვახშამი ყოველგვარ კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე შეთანხმების გარეშე
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩო ხშირად აწყობს მეგობრულ შეხვედრებსა თუ ვახშმებს, რომელზეც მიმდინარეობს ძალიან ზოგადი საუბრები და აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან დღევანდელი შეხვედრაც მსგავსი ფორმატის იყო.
„ასეთ შეხვედრებზე კონკრეტული თემების განხილვა არ ხდება. დღეს იყო დაახლოებით ასეთივე შეხვედრა და გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა სხვადასხვა საკითხზე. არაფერზე კონკრეტულზე საუბარი ან შეთანხმება არ ყოფილა. ეს იყო დიპლომატების მხრიდან გამართული მეგობრული ვახშამი ყოველგვარ კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე შეთანხმების გარეშე. არაფერი განსაკუთრებული დღეს არ ყოფილა. სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ. ბუნებრივია, იყვნენ პოლიტიკოსები – შესაბამისად, სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, რომელიც საქართველოსთვის აქტუალურია. ეს არ ყოფილა ის ფორმატი, სადაც რაიმე შეთანხმების მიღწევა შეიძლება მოხდეს. ზოგადად, ვსაუბრობდით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, ელიზაბეთ რუდთან სადილზე იმყოფებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში. როგორც სადილიდან გამოსულები აცხადებენ, შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე დემოუკიდებელი დეპუტატები, გია ჟორჟოლიანი, მარიამ ჯაში და თამარ ჩუგოშვილი, ასევე ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნინო ბურჯანაძე „დემოკრატიული მოძრაობიდან“, დავით უსუფაშვილი „ლელოდან“.