თამარ ჩუგოშვილი - ჩვენმა გუნდმა შეძლო, საქართველოში ჩამოეყვანა ადამიანები, რომლებიც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში ისაუბრებენ
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენმა გუნდმა შეძლო, საქართველოში ჩამოეყვანა ადამიანები, რომლებიც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში ისაუბრებენ

ჩვენმა გუნდმა შეძლო საქართველოში ჩამოეყვანა ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში ისაუბრებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც პოლიტიკოსები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდება, როგორი ძლიერი კავშირები აქვს „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პოლიტიკაში. აქ არიან წამყვანი, ლიდერი პოლიტიკური პარტიები, დღეს ჩამოსული და მათი ინტერესი არის ძალიან დიდი იმის მიმართ, თუ რა რეფორმები გაატარა საქართველომ, როგორ შეცვალა კონსტიტუცია და ის საარჩევნო სისტემა და კამპანიები, რომლებიც ტარდება საქართველოში. პირადად მე გახლავართ ერთ-ერთი მომხსენებელი საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონფერენციის შინაარსს, ეს ძირითადად უკავშირდება შრომით ბაზარს, შრომის საკითხებს, რა თქმა უნდა, დასაქმებასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და ყველა ქვეყანა თავის გამოცდილებას წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა შეძლო საქართველოში ჩამოეყვანა ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში შეიძლება ისაუბრონ. ეს არის დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა. ეს არის ქვეყნის მხარდაჭერა, როდესაც ასეთი ადამიანები, საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის გამოჩენილი ლიდერები არიან დღეს თბილისში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.