თამარ ჩუგოშვილი - ჩვენი პასუხისმგებლობა მოსამართლეების იმგვარად დანიშვნაა, რომ საზოგადოებას პროცესისადმი ნდობა ჰქონდეს
ბევრ თემაზე იქნება საუბარი, განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ბოლო პერიოდში განვითარდა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იმართება.
„სასამართლოში ბევრი პრობლემაა და ეს პრობლემები არის მისახედი. უპირველესად, ჩვენი პასუხისმგებლობა არის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების იმგვარად დანიშვნა, რომ საზოგადოებას ამ პროცესისადმი ნდობა ჰქონდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს იმ განცხადებაზე, რომლიც გუშინ გავრცელდა და სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებს ეხება.
„იქ არის ჩანაწერები, რომელსაც ვერ დავეთანხმები. მაგალითად, ვინც სასამართლოს მიმართ ან მოსამართლეების მიმართ კრიტიკულია, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული – რა თქმა უნდა, გამიჭირდება, დავეთანხმო. არის საკითხები, რასაც ბუნებრივია, ვიზიარებ. მაგალითად, მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნება პროცესის იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური კანონის დაწერა და დაპირისპირების მიუხედავად გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. თუ სამუშაოდ არ დავსხედით, ძალიან გაგვიჭირდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.