თამარ ჩუგოშვილი - ჩვენი ამოცანაა, ამ მოცემულობაში, როდესაც ყველას თავისი პარტიული ინტერესი აქვს, მოვძებნოთ სწორი და მისაღები გამოსავალი
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენი ამოცანაა, ამ მოცემულობაში, როდესაც ყველას თავისი პარტიული ინტერესი აქვს, მოვძებნოთ სწორი და მისაღები გამოსავალი

ჩვენი ამოცანაა, ამ მოცემულობაში, როდესაც ყველას თავისი ვიწრო პარტიული ინტერესი აქვს, მოვძებნოთ ის გამოსავალი, რომელიც უმრავლესობისთვის იქნება სწორი და მისაღები ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელ პრეზენტაციაზე მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული და შეთავაზებული ვერსიის წარდგენა მოხდება.

„კარგად მოგეხსენებათ, ეს ვერსია რას გულისხმობს. ეს გულისხმობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყონებლივ გადასვლას, ანუ 2020 წლის არჩევნებისთვის ნულოვან ბარიერს. ნულოვანი ბარიერი იმიტომ, რომ ეს სისტემა შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად ბევრ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა საზოგადოებრივი მხარდაჭერაც შეიძლება, ძალიან მაღალი არ იყოს, აღმოჩნდნენ პარლამენტში და შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი იყოს კონკურენტული. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საკმაოდ დიდი ხანია, ჟღერს, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მოთხოვნა, არა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციისგან, არამედ ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციისგან, სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა ფართო პოლიტიკური სპექტრისთვის და არა მხოლოდ ორი თუ სამი პოლიტიკური პარტიისთვის. ხვალ გავაცნობთ ჩვენ ამ ინიციატივას და არგუმენტებს, რატომ ეს ვერსია“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„იქნება საკმაოდ ხალხმრავალი შეხვედრა, საკმაოდ დიდი რაოდენობით სტუმრები გვყავს მოწვეული ამ შეხვედრაზე. მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენი მიზანი წარვუდგინოთ დამსწრე აუდიტორიას, მაგრამ ბუნებრივია, ასევე სიამოვნებით მოვისმენთ სხვა მოსაზრებებს ასევე დამსწრე პირებისგან. ჯერჯერობით რასაც ვაკვირდებით და რასაც ვხედავთ, არის ის, რომ სხვადასხვა მოსაზრება ისმის, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია საერთოდ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს ძველი სისტემით, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგან წლების განმავლობაში ეს ადამიანები ითხოვდნენ პროპორციულ სისტემას და უცებ ითხოვენ ვადამდელს ძველი სისტემით, რაც უბრალოდ არ მესმის. ძალიან მიჭირს ამის გაგება. ზოგიერთი პარტია ამბობს, რომ ნულოვანი ბარიერი არის კარგი და მისასალმებელი, ზოგიერთი ამბობს, რომ უნდა იყოს რაღაც ბარიერი. ყველა გამოდის თავისი ვიწრო პარტიული ინტერესიდან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ამ მოცემულობაში, როდესაც ყველას, ვისაც აქვს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესი ამ სიტუციაში, მოვძებნოთ ის გამოსავალი, რომელიც უმრავლესობისთვის იქნება სწორი და მისაღები ქვეყნისთვის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მიწვეულია ყველა პოლიტიკური ძალა და „ნაციონალურ მოძრაობას“ მისვლის პრობლემა არ ექნება.

„ზაზა გაბუნიას ვესაუბრე და მას არ უთქვამს, რომ ყველა პარტია უნდა იყოს, მინუს „ნაციონალური მოძრაობაო“. ჩვენ მოწვეული გვყავს ყველა პოლიტიკური ძალა. ჩვენ ვთქვით, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც თავის განცხადებაში თქვა, რომ იმ ინდივიდებს, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომლებიც სახელმწიფოს დამხობისკენ აკეთებენ მოწოდებებს, პირადად მათთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, მაგრამ ეს შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს და არა პარტიებს. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მათ თუ სურვილი ექნებათ შეხვედრაზე მოსვლის ან საუბრის, ამის პრობლემა არ ექნებათ. თუ პრობლემა ექნებათ მოსვლის და საუბრის, არც ეს არის პრობლემა, ეს მათი არჩევანი იქნება“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.