თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ დავიწყეთ, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკამ და დღეს სრულიად ევროპული, კლასიკური საპარლამენტო მოწყობის კონსტიტუცია გვაქვს
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ დავიწყეთ, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკამ და დღეს სრულიად ევროპული, კლასიკური საპარლამენტო მოწყობის კონსტიტუცია გვაქვს

მიუხედავად იმისა, რომ ამ 24 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა დოკუმენტში, თვისობრივად შეიცვალა მოწყობის ძირითადი პრინციპები, ჩვენ დავიწყეთ, როგორც საპრეზიდენტო რესპუბლიკამ და დღეს სრულიად ევროპული, კლასიკური საპარლამენტო მოწყობის კონსტიტუცია გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არსებული დოკუმენტი ეფუძნება 1921 წლის კონსტიტუციას.

„ის ეფუძნება თითქმის ასწლოვან დოკუმენტს, რომელიც არის 1921 წლის კონსტიტუცია და თავისი დროისთვის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი, რომლის მიღებაც და დაწერაც შეძლეს ჩვენმა წინაპრებმა და შესაბამისად ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი ქვეყანა, რა მოწყობას და პრინციპებს ეფუძნება და რა თქმა უნდა, ჩვენი, ყველას საერთო ვალია, რომ ამ პრინციპების განუხრელად დაცვა, პატივისცემა და აღსრულება უზრუნველვყოთ“, – აღნიშნავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

დეპუტატის თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით ქვეყანამ ახალი პოლიტიკური რეალობა მიიღო.

„ამ და განსაკუთრებით იმ ცვლილებების პირობებში, რომელსაც სულ მალე, კიდევ ერთხელ შევიტანთ დოკუმენტში, მივიღებთ სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას. ჩვენი ქვეყნისა და პოლიტიკური სისტემისთვის დამახასიათებელი იყო ერთპარტიული დომინაცია, ანუ ერთი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან დიდი ძალაუფლების ხელში აღება საარჩევნო სისტემით, რომლის გვაქვს კიდეც. პირველ რიგში იცვლება სწორედ ეს, ანუ პოლიტიკური ბალანსი, ძალაუფლების გადანაწილება, იცვლება პროპორცია და ბალანსი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის. რაც მთავარია, დოკუმენტში მოცემულია მნიშვნელოვანი გარანტიები და სოციალური უფლებები, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მათზე არის დამატებითი აქცენტები გაკეთებული“, – აღნიშნავს დეპუტატი.

დღეს საქართველო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს. 24 წლის წინ, სწორედ ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ქვეყნის მთავარი კანონი მიიღო, რომელმაც სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, მოწყობა, ღირებულებები და პრინციპები განსაზღვრა. დოკუმენტს წინ უძღოდა 1921 წლის კონსტიტუციის ტექსტი, რომელზე მუშაობაც 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ დაიწყო და სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბჭოთა ოკუპაციის გამო დოკუმენტმა მხოლოდ ოთხი დღე იმუშავა.

1995 წლის კონსტიტუციის შექმნიდან დღემდე ქვეყნის ძირითადმა კანონმა არაერთი ცვლილება გაიარა.

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ მიღებას აწყობს, სადაც კონსტიტუციის როლზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.