თამარ ჩუგოშვილი - ბიძინა ივანიშვილი აქტიურდება პოლიტიკურ პროცესებში, რაც ჩვენს გუნდსა და ქვეყანას ძალიან სჭირდება
თამარ ჩუგოშვილი - ბიძინა ივანიშვილი აქტიურდება პოლიტიკურ პროცესებში, რაც ჩვენს გუნდსა და ქვეყანას ძალიან სჭირდება

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, უპირველეს ყოვლისა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურდება პოლიტიკურ პროცესებში, რაც ჩვენ გუნდსა და ქვეყანას ძალიან სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სერიოზულ გეგმებზე ისაუბრა და ჟურნალისტების მხრიდან ნაცვლად ერთწლიან გეგმებზე კითხვებისა, „პარტიული დღის წესრიგის ფრიალი ვიხილეთ“.

„როდესაც ადამიანი, რომელიც ჟურნალისტად თავს მიიჩნევს, ინტერვიუზე პარტიული დღის წესრიგით მიდის და ერთადერთი ამოცანა აქვს, რომ რესპონდენტს პასუხი არ აცალოს, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ინტერვიუში რამდენიმე რამ იყო მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ის, რაც გველის, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურდება პოლიტიკურ პროცესებში და ეს ჩვენს გუნდსა და ქვეყანას ძალიან სჭირდება. ის საუბრობდა სერიოზულ გეგმებზე და იმის ნაცლად, რომ ჟურნალისტებს ეკითხათ,  რას გულისხმობდა ერთწლიან გეგმაში, ვიხილეთ პარტიული დღის წესრიგის ფრიალი. მან ისაუბრა მართვის ეფექტიანობაზე და მისი  აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, გუშინდელ ინტერვიუში საუბარი იყო პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში ბევრია, თუმცა დამატებით ისტერიული ფონის შექმნა ხელისუფლების ოპონენტების დღის წესრიგია.

„გუშინდელი ინტერვიუ არ იყო ის, რომ მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე  ხდება რაღაც საკითხების გადაბრალება. მიმაჩნია, რომ გუშინ საუბარი იყო პრობლემებზე და პრობლემა ქვეყანას ბევრი აქვს, მაგრამ ისედაც ღარიბ ქვეყანაში, ისედაც მძიმე მდგომარეობაში, დამატებით ისტერიული დეპრესიული ფონის შექმნა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დღის წესრიგია. ბიძინა ივანიშვილს ამაზეც მოუწია საუბარი“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობას, რომელზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ გუნდში იყო სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა ახლა განსხვავებული პოზიციები ნაკლებად ისმის.

„გუნდში იყო განსხვავებული აზრები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ეს ბუნებრივია, რადგან მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა. ახლა ნაკლებად მესმის განსხვავებული პოზიციები. მე თავადაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა, რაღაც კითხვები მქონოდა, როცა ვუყურებ მისი ოპონენტების ქცევებს, ნამდვილად მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო კანდიდატია“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

დატოვე კომენტარი