თამარ ჩუგოშვილი - ბათუ ქუთელია არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად, მსგავსი კავშირები სექტორისთვის დამაზიანებელია
თამარ ჩუგოშვილი - ბათუ ქუთელია არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად, მსგავსი კავშირები სექტორისთვის დამაზიანებელია

ბათუ ქუთელია არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად, მსგავსი კავშირები სექტორისთვის დამაზიანებელია, – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა თემის კომენტირებისას.

„რომ არ მოგატყუოთ, ჩემთვის მეორე და მესამეხარისხოვანია ბათუ ქუთელია ვისთან თანამშრომლობდა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა. თავად გაარკვიოს, სად თანამშრომლობდა და როგორ და რანაირად. ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც დამოუკიდებელი და არაპარტიული ორგანიზაციები, მათი მსგავსი კავშირები აღმოჩნდება მართალი. რა თქმა უნდა, ეს მთლიანი სექტორისთვის არის დამაზიანებელი, მაგრამ მგონი, ბათუ ქუთელია არც აღიქმებოდა კლასიკურად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლად. მას ჰქონდა პოლიტიკური წარსული და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, ჩემი აზრით, მას ვერ გავაიგივებთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც მრავალწლიანი დამოუკიდებელი, პროფესიონალური საქმიანობის გამოცდილება აქვს“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია, რომელსაც ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსი აქვს. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა კონტრაქტი, რომელიც, მისივე თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ ვებგვერდზეა ატვირთული.

საპასუხოდ, განცხადება გააკეთა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქტში არის არა ბათუ ქუთელიას, არამედ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ხელმოწერა.

გუშინ, დღის ბოლოს ბათუ ქუთელიამ გამოაქვეყნა „ორიონ სტრატეჯის“ განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქუთელია საკონტაქტო პირად ადმინისტრაციული შეცდომის გამო მიუთითეს.