თამარ ჩუგოშვილი - არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებთან შედარებითაც საქართველოს კორუფციის მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვს
არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებთან შედარებითაც საქართველოს კორუფციის მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ევროპარლამენტის ანგარიშთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია საქართველოსთვის კვლავ რჩება სერიოზულ საკითხად.
„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებით და მათ შორის, ევროკავშირის, ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. არსებობს შეფასებები, შედარებები და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ეს არის მუდმივი პროცესი.
ყველა ქვეყანაში რაღაც დონეზე არსებობს ეს პრობლემა და ქვეყნებმა ყოველთვის პროცესი სულ უნდა დახვეწონ იმისათვის, რომ ებრძოლონ კორუფციას. ჩვენც გვაქვს ასეთი მოწოდებები ამ რეზოლუციაში, რომ ინსტიტუციები და მექანიზმი, რომელიც კორუფციას ებრძვის, იყოს კიდევ უფრო გამართული, დახვეწილი და ეფექტური. ამაზე მოგვიანებით გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია. ანგარიშში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე.