თამარ ჩუგოშვილი – პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება, ამ თემაზე ქილიკი, მინიშნებები, წამოძახილები ყოვლად მიუღებელია და უნდა დასრულდეს

13:19, 27.09.2019

დეპუტატი ეკა ბესელია თუ მიიჩნევს, რომ პარლამენტში მოქმედი გენდერული საბჭოს მხრიდან საჭიროა ფორმალური გადაწყვეტილება, მზად ვარ, ეს საკითხი სხდომაზე განვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის გუშინ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ეკა ბესელია არის მძიმე დანაშაულის მსხვერპლი, რომელიც გენდერული ნიშნით არის ჩადენილი.

„როგორც გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ჩემს პოზიციას საკმაოდ ნათლად ვაფიქსირებ – თუ საჭიროა და ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გენდერული საბჭოს მხრიდან საჭიროა ფორმალური გადაწყვეტილება, ამისთვისაც მზად ვარ, ეს საკითხი სხდომაზე განვიხილოთ. ეკა არის მძიმე დანაშაულის მსხვერპლი, რომელიც გენდერული ნიშნით არის ჩადენილი. ეს არის ქალის მიმართ ჩადენილი პირადი ცხოვრების კადრებით განადგურების მცდელობა, მათ შორის არა მხოლოდ ამ კადრების გავრცელება, არამედ ამ თემაზე ქილიკი, მინიშნებები, წამოძახილები არის ყოვლად მიუღებელი და უნდა დასრულდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოსაწონი არ არის.

„ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოსაწონი არ არის, მაგრამ გასაგებია, ასეთი დანაშაულს მსხვერპლს როგორ შეიძლება, უმტყუნოს ნერვებმა“, – განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

გუშინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი