თამარ ჩერგოლეიშვილი - 2008 წლის ოქტომბერში საქართველოს დელეგაციამ ხმა მისცა რეზოლუციას, რომლის 45 პუნქტიდან 44 პუნქტი ჩვენ გვაწყობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - 2008 წლის ოქტომბერში საქართველოს დელეგაციამ ხმა მისცა რეზოლუციას, რომლის 45 პუნქტიდან 44 პუნქტი ჩვენ გვაწყობს

რეზოლუციაში არსად წერია, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო, – განაცხადა „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციის შესახებ საუბრისას პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„რეზოლუციაში ესკალაციაზეა საუბარი. საქართველოს დელეგაციამ ხმა მისცა რეზოლუციას, რომელიც 45 პუნქტისგან შედგება, საიდანაც 44 პუნქტი ჩვენ გვაწყობს. საერთაშორისო ურთიერთობებში კი, ან ყველაფერი, ან არაფერის პრინციპით მარტო სულელი მოქმედებს. საერთაშორისო სამართალში და ურთიერთობებში ჩაუხედაობა უწიგნურობაა და მოდით, უწიგნურები ნუ ვიქნებით. საქართველოს დელეგაციას ხმა რომ არ მიეცა, რეზოლუცია ვერ გავიდოდა და ის დანარჩენი 44 პუნქტი არ გვექნებოდა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ამ განცხადებით თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ მოიხსენიებს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს მოღალატედ და რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ისეთი, რაც არ წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აწერენ.

გადაცემის წამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილს ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის მე-5 პუნქტი შეახსენა, სადაც წერია, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაფრთხილების გარეშე დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის შესახებ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას“.