თამარ ჩერგოლეიშვილი - ვთხოვდით, მიშა, მოდი, ცოტა ხანს დაიმალე, გვაცადე, არჩევნები რაღაც ფორმით მივიტანოთ იქამდე, რომ თუნდაც კოალიციით შევუტიოთ, მაგრამ ვერ გავაკავეთ
თამარ ჩერგოლეიშვილი - ვთხოვდით, მიშა, მოდი, ცოტა ხანს დაიმალე, გვაცადე, არჩევნები რაღაც ფორმით მივიტანოთ იქამდე, რომ თუნდაც კოალიციით შევუტიოთ, მაგრამ ვერ გავაკავეთ

2003 წელს, როცა მიშამ გაიმარჯვა, ჟვანია გადაყლაპა და თუ „ევროპული საქართველო“ ჭკვიანურად არ მოიქცა, მე ამ საფრთხეს ვხედავ, – განაცხადა „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

ამ განცხადებით თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ წარმოუდგენია გამარჯვებული სააკაშვილის დღის წესრიგის პირობებში „ევროპული საქართველოს“ მიერ დამოუკიდებელი დღის წესრიგის შემოთავაზება, რადგან ვაშაძის გამარჯვება იგივე სააკაშვილის გამარჯვებაა. ჩერგოლეიშვილისვე თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“ ეს იქნება შანსი, ორი გიჟის პირობებში თავიანთი უპირატესობა აჩვენონ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვაზე, რა განსხვავებაა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“კულტურულ ხედვებს შორის, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ არავის უნახავს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი „აფერისტი ებრაელები“ და მსგავს რაღაცებს ყვიროდეს.

„მიშას ეგ დაემართა, რომ რითაც ებრძოდნენ, იმას აკეთებს. ხომ გახსოვთ, სომეხი სააკაშვილიო, რომ ეძახდნენ. სომეხი რომც ყოფილიყო, სომეხი რატომ უნდა გეძახებინა, ხო?! ანუ ეთნიკურობას როცა უარყოფით კონტექსტში ხაზს უსვამ, უკვე, ბუნებრივია, მანდ ცუდი ნიშნებია. მიშა ნაციონალი იყო და სოციალისტი გახდა და ნაციონალ-სოციალისტი რომ კაცი გახდება, მერე იქ ანტისემიტიზმიც მოდის და ყველაფერიც“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ რითაც 2012 წელს დაამარცხეს, ჭორებით, დაბრალებითა და ა.შ, თვითონაც იგივე გზა უნდა აირჩიოს. 

„მიშამ ოთხი წელი იწვალა. ჩვენი მიდგომა კი ის იყო, რომ ქოცობაში ქოცებს ვერ აჯობებ, მოდი, შენს მოედანზე ითამაშე, შენი მოედნის გაფართოებაზე და იქით ნუ გადახვალ. ამაზე ბევრი ჭიდაობა იყო, რადგან მიშა თავისას უბერავდა და იძახდა, არა, მე ჩემი „ასავალ-დასავალი“ მინდა და რაღაცები უნდა დავაბრალოთო. ყველას ჰგონია, რომ სააკაშვილმა ეს ხელისუფლება ამით დაასრულა, მაგრამ იქნებ, მიშას რომ ასეთი დებილობები არ ელაპარაკა, ხელისუფლება პირველივე ტურში დასრულებულიყო. ეს ვინმემ იცის?!“- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

როგორც „ტაბულას“ დამფუძნებელმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველი არ არის.

„2016 წელს კვლევებს ვაკეთებდით და ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა ვიცოდით. „ქართულ ოცნებასთან“ 20%-20%-ზე ვიჯექით და შუაში გადაუწყვეტელები იყვნენ. სააკაშვილის პრემიერობა თემად შემოვიდოდა თუ არა, ანუ კითხვას ვსვამდით თუ არა, არჩევნებს ეგრევე ვაგებდით. ეგ კი არა, მიშა პრემიერ-მინისტრად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ნახევარსაც კი არ უნდოდა.

აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნა იყო ზუსტად ის, რომ მიშა, მოდი, ცოტა ხანს დაიმალე, ამ ქვეყანაში ხომ უნდა ჩამოხვიდე. გვაცადე, არჩევნები რაღაც ფორმით მივიტანოთ იქამდე, რომ თუნდაც კოალიციით შევუტიოთ. ალასანია რომ ასე არ ჩავარდნილიყო, არ განადგურებულიყო და ისევ პოლარიზაცია რომ არ მომხდარიყო, შეიძლებოდა იმაზე ლაპარაკი, რომ ბიძინას წინააღმდეგ სხვა პარტიებთან კოალიციებს ქმნი და კი ბატონო, ჩამოვა მერე მიშაც, ჩაატარებს კამპანიას და თუ ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს, მე ვინ მეკითხება?! მაგრამ ვერ გავაკავეთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.