თამარ ჩერგოლეიშვილი - სეკულარიზმის პრინციპი რომელიმე სასულიერო პირისთვის პირის ამოკერვას არ ნიშნავს
თამარ ჩერგოლეიშვილი - სეკულარიზმის პრინციპი რომელიმე სასულიერო პირისთვის პირის ამოკერვას არ ნიშნავს

სეკულარიზმის პრინციპი რომელიმე სასულიერო პირისთვის, ან რომელიმე კონფესიის წარმომადგენლისთვის პირის ამოკერვას არ ნიშნავს, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ისინიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და არანაირი ზებუნებრივი თვისებები მათ არ გააჩნიათ. მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე მათ ისევე შეიძლება ჰქონდეთ პოზიცია, როგორც მე, თქვენ, გია ხუხაშვილს, ლალი მოროშკინას და ყველას, ვინც ზის და „ფეისბუქის“, ან ტელევიზიების საშუალებით საუბრობს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, პრობლემა მაშინ იწყება, როცა ეკლესია, ან რომელიმე კონფესია ვეტოს უფლებას იძენს და სახელმწიფო საქმიანობაში ერევა.

„პრობლემა ხდება ის, როცა მაგალითად, ანაფორა ინდულგენციას წარმოადგენს და როცა არ აკავებენ მოძალადე მღვდელს, რომელიც ვხედავთ, რომ ძალადობას პირდაპირ კამერების წინ ჩადის. მე პრობლემას სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეში ვხედავ, რომლებიც განსაკუთრებით, რეიტინგული ინსტიტუტის წნეხს ვერ უძლებენ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რთული წარმოსადგენია, რომ რაღაც პოლიტიკურ საკითხზე ეკლესიის ერთიანი პოზიცია არსებობდეს, რადგან ეკლესია ჭრელია.

„ეკლესიის პოზიცია ბუნებაში არ არსებობს, რადგან ეკლესიაში არის ხალხი, რომელიც სხვადასხვანაირად ფიქრობს. სასულიერო პირები თავიანთი მსოფლმხედველობით განსხვავდებიან; ზოგი უფრო მიმტევებელია, ზოგი უფრო განათლებული, ზოგი უფრო ბნელი, ზოგი პრორუსული, ზოგი პროდასავლური და ა.შ.“ – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა გაითვალისწინოს თუ არა ხელისუფლებამ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციის პოზიცია, რომელიც კვლევების მიხედვით, პირველ პოზიციაზეა და რომელსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ნდობას უცხადებს, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ თუ რაღაც საკითხთან დაკავშირებით რომელიმე ავტორიტეტული ინსტიტუციის პოზიცია სწორი არ არის, ხელისუფლება მზად უნდა იყოს, არაპოპულარული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.

„გადაწყვეტილების მიღებას ერთი თვისება აქვს, ზოგი კმაყოფილი რჩება, ზოგი უკმაყოფილო“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.