თამარ ჩერგოლეიშვილი – პროტესტი არის მშვიდობიანი, ერთმანეთს დავინახავთ, რამდენი ვართ, ერთიანი მარშით მივალთ თავისუფლების მოედანზე, ჰიმნს დავაგუგუნებთ და წავალთ სახლში
გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ, რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმაც, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს მსვლელობისას განუცხადა.
როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, მიმდინარე აქციაზე შეკრებილთა რაოდენობა ათქმევინებთ, რომ ბევრნი არიან.
„ჩვენ კი არ შემოვუერთდით, ჩვენ ვაორგანიზებთ ამ აქციას. 28 ნოემბერია დღე, როდესაც რეჟიმმა რეალურად ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული კურსი შეცვალა, აღარ აგრძელებს გზას, რომელიც წინაპრებიდან მოყოლებული ჩვენი მისიაა. ამ ყველაფერს გადაუხვია. მას შემდეგ, ორი წელია, წინააღმდეგობა გრძელდება. ხშირად ადამიანები, როცა ვიღლებით მარტო ჩვენ დაღლაზე ვფიქრობთ და არ ვიაზრებთ, რეალურად, როგორ გამოვფიტეთ რეჟიმი. ვხედავთ, რომ ორი წლის წინ ამ დღეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ციხეებს არ ხეხავდნენ და დღეს 20-ზე მეტი ადამიანი, ან ციხეშია, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშაა, ან გაქცეულია. ორი წლის წინ გვპირდებოდნენ, ტრამპი მოვა და ტრამპთან გადავშლით ფურცელსო, ტრამპთან გადაშალა ფურცელი კი არა, ვხედავთ, რაც ხდება. ევროკავშირში შეხვედრაზე რომ არ უშვებენ „ევრონიუსში “ეტენებიან და იქაც ლამის ტყავს აძრობენ. ვხედავთ, რაც ხდება მათ თავს. რად გვინდა ევროკავშირი და ამერიკა, რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებსო, აგერ, ვნახეთ, რომ პუტინმა აკრძალა ქართული პროდუქცია და ქართულ კომპანიებს აუკრძალა ვაჭრობა რუსეთში. ივანიშვილს სრული ჩაფლავება აქვს, როგორც საგარეო, ისე საშინაო ფრონტზე, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა და ახლა ჩვენ სიმრავლეს აქვს გაცილებით დიდი ძალა. ასე რომ, გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ, რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმაც, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს, ის გაცილებით მეტად არის დაზიანებული, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს. ჩვენ, ყველა, მთელი საზოგადოება პასუხს გავცემთ კითხვას, რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილი დასრულდება.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რა რაოდენობაც შეიკრიბება, იქნება ის რაოდენობა, რაც გვათქმევინებს, რომ ბევრნი ვართ. სამი სხვადასხვა ჯგუფის მარში დაიგეგმა, ოპოზიციური ალიანსის მარში თსუ-დან, შაბათის ტრადიციული მარში ავლაბრიდან და ასევე სოცდეკები იკრიბებიან ორბელიანის მოედანზე, ყველანი შევერთდებით ბარათაშვილის ქუჩასთან და იქიდან ავალთ უკვე ერთიანი მარშით თავისუფლების მოედანზე, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები, მერე დავაგუგუნებთ ჰიმნს და წავალთ სახლში“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, რა მოხდება, თუ მიხეილ სააკაშვილის ბანერებს მიიტანენ აქციაზე, ჩერგოლეიშვილმა უპასუხა, რომ წესრიგს დაამყარებენ.
„წესრიგს დავამყარებთ, გზავნილის დისციპლინას დავიცავთ და დაინახავთ ყველანი, ხომ არ დაიმალება?!. არ ვაპირებ ამის წინასწარ კომენტირებას, რაზე ვამტვრიო ღია კარი, ავლაბრიდან დაანონსეს იმათ მარში და შეიძლება საერთოდ იქ არიან. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გზავნილის დისციპლინის დარღვევას შეეცადა – საქართველო ივანიშვილის გარეშე – ამ გზავნილს წარმოაჩენს რამე სხვად, ბუნებრივია, ჩვენ დავამყარებთ გზავნილის დისციპლინას“, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში აქცია და მსვლელობა იმართება.