თამარ ჩერგოლეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო ძალად მიმაჩნია, ამის კიდევ ერთი დასტურია 20 ივნისი
თამარ ჩერგოლეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო ძალად მიმაჩნია, ამის კიდევ ერთი დასტურია 20 ივნისი

მიმაჩნია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ დრო დაკარგა საკუთარი, „ნაცებისგან“ დამოუკიდებელი იდენტობის გამოსაკვეთად და ამით დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ნაცები“ ჩემს სქრინებს დაათრევენ (თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოებიდან წაუღიათ) და ცდილობენ იმაში მამხილონ, რასაც წლებია ვღაღადებ. კი მეგობრებო – დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო ძალად მიმაჩნია „ნაცმოძრაობა“ (20 ივნისი ამის კიდევ ერთი დასტურია). კი მეგობრებო – მაწუხებს, რომ ის პარტია, რომელსაც ხმას ვაძლევ საკმარისად არ არის გამიჯნული „ნაცებისგან“ (არა წარსულისგან, არამედ აწმყოსგან). კი მეგობრებო – მიმაჩნია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ დრო დაკარგა საკუთარი, „ნაცებისგან“ დამოუკიდებელი იდენტობის გამოსაკვეთად და ამით, დიდი შეცდომა დაუშვა. კი მეგობრებო – მიმაჩნია, რომ დღეს „ევროპული საქართველო! და „ნაციონალური მოძრაობა“ დიამეტრალურად განსხვავებული იდეოლოგიის, ქცევის და პასუხისმგებლობის ძალებია და ვწუხვარ, რომ ეს იმაზე ნათელი არაა, ვიდრე არის. და კი მეგობრებო – მიმაჩნია, რომ ახლა დრო აღარ უნდა დაკარგონ, შეცდომა გაიაზრონ (ყველას ეშლება) და საკუთარი, „ნაცებისგან“ დიამეტრალურად განსხვავებული იდენტობის გამოსაკვეთად ბევრი ენერგია დახარჯონ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვნია ნებისმიერი ძალისთვის, რომელსაც წარმატების მიღწევა და ამ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაცია უნდა, რომ დღევანდელ მიხეილ სააკაშვილთან არაფერი, არაფერი აკავშირებდეს გარდა წარსულისა.

„რატომ გიკვირთ, ვერ ვხვდები – დიდი ხანია ასე ვთვლი და არ ვმალავ. მოვა ახლა ნაც ტროლთა ბუზანკალი და პარლამენტის შენობის ნაცვლად, ჩემს კედელს აიღებენ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.