თამარ ჩერგოლეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამარცხვინოდ ტეხენ ჯოხს საწყალ ქალზე, რომელსაც მათგან განსხვავებული არაფერი უქნია
თამარ ჩერგოლეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამარცხვინოდ ტეხენ ჯოხს საწყალ ქალზე, რომელსაც მათგან განსხვავებული არაფერი უქნია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამარცხვინოდ ტეხენ ჯოხს საწყალ ქალზე, რომელსაც მათგან განსხვავებული არაფერი უქნია, – ასე ეხმაურება „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია ამბობს: „სამარცხვინოა, როდესაც ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი პარტიის თავმჯდომარეს, მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები წყევლიდნენ და ცილს სწამებდნენ ყველას და ყველაფერს, რაც მიშას გარშემო არ ტრიალებდა. მათი კარვის წარჩინებული ქალები, კვესიტაძის თამადობით, ობგუჯუებს გვიწოდებდნენ და სამუდამო სინანულით გვემუქრებოდნენ, რადგან სააკაშვილის კერპის თაყვანისცემაზე უარს ვიძახდით – ყველა ინანებთო, წყობიდან იყო გამოსული.

ჩვენი 3 აპრილის აქციის შემდეგ (ამ აქციის მითვისებაც სცადეს და გავყარე), გვარამიამ დაწყევლა ყველა აქცია, სადაც მიშას გათავისუფლების მოთხოვნა არ იდგა.

ახლა დგანან და სამარცხვინოდ ჯოხს ტეხენ დაბალ ღობეზე, საწყალ ქალზე, რომელსაც არაფერი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისგან განსხვავებული არ უქნია.

ვიდრე ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევთ, არ იტყვით, რომ ეს სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობა თავად თქვენი ბელადისა და საკუთრივ თქვენი დანერგილია, პასუხისმგებლობას თავად არ აიღებთ და დაბალი ღობეების ტუქსვით შემოიფარგლებით, საქმე უკან წაგივათ, იმიტომ, რომ ეს კანონზომიერია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.