თამარ ჩერგოლეიშვილი - მსურს, ისეთი გასაოცარი დემოკრატია დამყარდეს, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის მოგება აპოკალიფსს არ ნიშნავს, ხოლო არჩევნების წაგება - ქვეყნიდან გადახვეწას
თამარ ჩერგოლეიშვილი - მსურს, ისეთი გასაოცარი დემოკრატია დამყარდეს, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის მოგება აპოკალიფსს არ ნიშნავს, ხოლო არჩევნების წაგება - ქვეყნიდან გადახვეწას

ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები წააგოს, რომ იქნებ, წაგებამ აიძულოს, პროპორციულ სისტემაზე წამოგვყვეს, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„მე მინდა, საზოგადოებაში გაქრეს განცდა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რათა თავი დავიცვათ იმ პროცესებისგან, რაც შეიძლება, ქუჩაში განვითარდეს, რადგან ეს არავისთვის კარგი არ არის, გარდა იმ კონკრეტული პოლიტიკოსებისა, რომლებიც ძალაუფლებას ებღაუჭებიან. მეორე, მინდა, შეიქმნას პრეცედენტი, რომ 7 მილიარდის პატრონმა არჩევნები წააგო და მერე, ამან ეგებ, რაღაცნაირად დააფიქროს ივანიშვილი და მიხვდეს, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

როგორც „ტაბულას“ დამფუძნებელმა აღნიშნა, მას სურს, საქართველოში ისეთი გასაოცარი დემოკრატია დამყარდეს, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის მოგება აპოკალიფსს არ ნიშნავს, ხოლო არჩევნების წაგება – ქვეყნიდან გადახვეწას

„საერთოდ არ მინდა, ივანიშვილი ქვეყნიდან გაიქცეს. აგერ, დენდროლოგიური პარკიც მინდა, ჰქონდეს, თავისი ზოოპარკიც და ა.შ. კარგად უნდა გადამოწმდეს, მაგრამ თუ გაყალბების შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია მართალია და თუ ივანიშვილმა საქმე მანდამდე მიიყვანა, შემიძლია, პირობა დავდო, რომ მე, როგორც ივანიშვილის ოპოზიციაში ვიყავი, ისე სააკაშვილის ოპოზიციაში ვიქნები, მაგრამ თვითონ გასაქცევად ექნება საქმე, თუ ბოლომდე გადაღუნა“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.