თამარ ჩერგოლეიშვილი - მედია ვალდებულია, განგაში ატეხოს, როცა ძალადობის შესახებ საკმარისად სარწმუნო ინფორმაციას მოიპოვებს
თამარ ჩერგოლეიშვილი - მედია ვალდებულია, განგაში ატეხოს, როცა ძალადობის შესახებ საკმარისად სარწმუნო ინფორმაციას მოიპოვებს

როცა გადაწყვეტილებას ვიღებდით, წინ რვა ქალის ისტორია გვედო. აქედან ოთხი იყო ისეთი, სადაც ზვიად დევდარიანი თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდა, დანარჩენი ოთხი შემთხვევა კი, სამსახურს მიღმა ხდებოდა, როცა ქალი ფეისბუკით, ან სადღაც კონფერენციაზე გაიცნო“, – განაცხადა „ტაბულას“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მისი თქმით, „ტაბულამ“ მხოლოდ ის შემთხვევები გამოაქვეყნა, სადაც ზვიად დევდარიანი თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდა.

„ჩვენ იმ ქალებთან მიმოწერის სქრინებიც გვქონდა, სადაც ზვიად დევდარიანი თავის სექსუალურ ფანტაზიებზე საუბრობს, მაგრამ ეს მასალა არ გამოგვიქვეყნებია. ბუნებრივია, ჩვენთვის იოლი იქნებოდა, ეს სქრინებიც ჩაგვერთო, რათა ამბავი ბევრად უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ ზვიად დევდარიანის სექსუალური ფანტაზიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საჯარო ინტერესს ემსახურება და როდესაც სასწორზე მისი შვილების ინტერესი და საჯარო ინტერესი დავდეთ, ამ შემთხვევაში, ჩემთვის და ჩვენი რედაქციისთვის შვილების ინტერესმა გადაწონა და მასალა არ გამოვაქვეყნეთ“,  –  განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, ეს ოჯახისთვის მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ ზუსტად ასეთივე მძიმე დარტყმა მიიღეს იმ ოჯახებმაც, რომლებმაც გაარკვიეს, რომ თავიანთი ქმრები ციხეში ადამიანებს აწამებდნენ, ან კორუფციაში იყვნენ გარეული და ა.შ.

„ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ პრესის ფუნქცია ისაა, თუ ისტორიას დამაჯერებლად ჩათვლის და სტანდარტს დააკმაყოფილებს, ამბავი უნდა გახეთქოს, რადგან დემოკრატია ამაზე დგას“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, მედია პირის დამნაშავეობასა და უდანაშაულობას ვერ გადაწყვეტს. ის საზოგადოების მოდარაჯე ნაგაზია, რომელიც საკმარისად სარწმუნო ინფორმაციის შემთხვევაში ვალდებულია, განგაში ატეხოს.

“მედია ვალდებული იყო, განგაში აეტეხა ციხეში წამების შემთხვევებზე. მედია ვალდებულია, განგაში ატეხოს, როცა სამთავრობო ჩინოვნიკებისგან კორუფციას ხედავს, როცა ძალადობის შესახებ საკმარისად სარწმუნო ინფორმაციას მოიპოვებს და ა.შ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.