თამარ ჩერგოლეიშვილი – ხალხში დავდივარ, ქუთაისში ათი დღე გავატარე, ფოთსა და ხობში – ერთი კვირა, ყველას ფეხზე ჰკიდია, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაგვიჭერენ თუ არა
ხალხში დავდივარ, ქუთაისში ათი დღე გავატარე, ფოთსა და ხობში – ერთი კვირა. ყველას ფეხზე ჰკიდია, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაგვიჭერენ თუ არა, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხს ვერ შემოიყვანენ პოლიტიკაში, თუ მათ პრობლემებზე არ იქნება საუბარი.
„2024 წლამდე ვხედავდით – ერთი ლიდერი, „ნაცებად“ და „ქოცებად“ დაყოფა. ეს ხომ სულ „ოცნების“ სცენარი იყო და ჩამოშალა ქართველმა ხალხმა 2024 წლის გაყალბებულ არჩევნებშიც, როცა ოთხ თანაზომად ნაწილად დაყო ოპოზიციური პოლიტიკური ველი, დაახლოებით თანაბრად გავიდნენ. ოპოზიცია რომ უნდა გადაიტვირთოს, ქვემოდან ზემოთ აეწყოს, ხალხის ინტერესები ასახოს, რათა ლიდერშიფის, ლიდერობის კრიზისი ამოივსოს, ხალხმა პოლიტიკურ სპექტრში თავიანთი ლიდერები იპოვონ, რომლებიც მათ ინტერესებს გამოხატავენ, იცავენ – ეს ყველაფერი ქართულმა საზოგადოებამ უკარნახა საპროტესტო პროცესში, რომელიც ვნახეთ. პრინციპში, 2020 წლიდან დაიწყო და მიმდინარეობს. შევხედოთ, რა ბანერები დააქვს პროტესტს – პირველი რესპუბლიკის ბანერები, ისტორიული გმირები არიან გაცოცხლებული. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დაორგანიზებულს, რომ მიშას ბანერები ატაროს, დანარჩენი არ არის პოლიტიკური ლიდერების შესახებ. მთელი პროტესტი არის ჩვენი ისტორიული მეხსიერების, ერთგვარად ჩვენი იდენტობის შესახებ. არაფერ შუაშია პოლიტიკური პარტიები და მათი დაჭერით ამას ვერანაირად ვერ ჩაახშობ. ხალხში დავდივარ, ქუთაისში ათი დღე გავატარე, ფოთსა და ხობში – ერთი კვირა. ყველას ფეხზე ჰკიდია, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაგვიჭერენ თუ არა. იმისთვის, რომ ვინმეს გული დაწყდეს, ხვალ რომ დამიჭირონ, იმის პრობლემაზე უნდა ვლაპარაკობდე, მაგ პროცესში დამიჭირონ, იფიქროს, დაიჭირეს, რადგან ჩემი პრობლემების მიხედვა უნდოდაო, ეს უკეთესი ალტერნატივა იყო. ამას უნდა ხედავდეს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
კითხვაზე, – „ნორმალურია ეს, რაც ხდება? მთელი „ალიანსის“ ლიდერები, თქვენ გარდა, ციხეში იქნებიან“, – ჩერგოლეიშვილმა უპასუხა:
„რასაკვირველია, არ არის ნორმალური და ეს არანორმალურობა გაგრძელდება, თუ ხალხი არ შემოვიყვანეთ პოლიტიკაში. ხალხს ვერ შემოვიყვანთ პოლიტიკაში, თუ არ ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რაც ხალხს აწუხებს და არ გადავერთეთ იმ პრობლემებიდან, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხი შემოვიყვანოთ პოლიტიკაში. ლიდერშიფის კრიზისი ვერ ამოივსება და ხალხი ვერ ამოარჩევს თავის ლიდერებს, თუ არავინ ელაპარაკება მათ“.