თამარ ჩერგოლეიშვილი - ხალხი რეცხავს „ნაცებს“, ათი პროცენტი აიღეს და თბილისში მეხუთე ადგილზე გავიდნენ
თამარ ჩერგოლეიშვილი - ხალხი რეცხავს „ნაცებს“, ათი პროცენტი აიღეს და თბილისში მეხუთე ადგილზე გავიდნენ

ხალხი რეცხავს „ნაცებს“, ათი პროცენტი აიღეს და თბილისში გავიდნენ მეხუთე ადგილზე, იაგო ხვიჩიამ 7000-ით მეტი აიღო „ნაცებზე“. ბოდიში, შეიძლება, რამე მეშლება, მაგრამ ამ რიცხვებზე და ამ მასშტაბებზეა ლაპარაკი თბილისში. თბილისში ისინი საერთოდ განადგურდნენ. აი, იქ, სადღაც რომ ახსოვთ რეგიონებში, 5-იანი, 5-იანი, 5-იანი, იქ კიდევ რაღაც აიღეს, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას და „ლელოსაც“, თუ შიგნით აზრზე მოვლენ, აქვთ იმის რესურსი, რომ შიდა დემოკრატიული მექანიზმები განავითარონ და შემდეგ არჩევნებში იმაზე საუბარი დაიწყონ, რომ ვინც არის მათი ამომრჩეველი, მაგალითად, დააკომპლექტებს მათ სიებს და ასახული იქნება პროტესტში მონაწილე მათი ამომრჩევლის ინტერესები.

„ჩვენ ხომ საერთოდ ასე ვაკეთებთ ყველაფერს. გახარიასაც აქვს ამის რესურსი. ამაზე საუბარი რომ დაიწყება, ეს ნიშნავს „ნაცების“ დასრულებას, ხომ? იმიტომ, რომ იქ ბელადი წყვეტს ყველაფერს. ანუ, ყველაფერს წყვეტს ბელადი და თუ „ნაცებში“ ყველაფერს ბელადი აღარ გადაწყვეტს, ისინი „ნაცებიც“ აღარ იქნებიან. იქ ყველაფერი კიდია მიშას წონაზე, ხომ? შესაბამისად, თუ ეს კრიტერიუმად დამკვიდრდება, ეს დემოკრატიული პარტიები გაფართოვდებიან და არადემოკრატიული პარტიები ჩაირეცხებიან. ეს ყველაფერი არის პროცესი“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, სისტემა უნდა შემოვიდეს ახალი და უნდა გაფართოვდნენ პარტიები.

„საზოგადოებას აქვს იმის რესურსი, რომ წნეხი მოახდინოს და პარტიები აჰყვნენ. მით უმეტეს, დიდი ღირებულებებითა და შეხედულებებით ეს პარტიები ისედაც არ გამოირჩევიან და ხშირად „ბაბლის“ განწყობით იღებენ გადაწყვეტილებებს. სალომე ზურაბიშვილის ფაქტორიც, ანუ, მეხუთე პრეზიდენტის ფაქტორიც ჩემთვის მაგის მანიშნებელია. ჯერ ერთი, მას აქვს ამის რესურსი და პოტენციალი. მე და ბოკერიას ამის რესურსი არ გვაქვს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია შექმნას, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ მთავარია, სალომე ზურაბიშვილმა ახლა „ლიდერშიპის“ დეფიციტი შეავსოს უცხოეთში.

„იმიტომ, რომ უცხოეთში ჩვენ გვჭირდებოდა ადამიანი, რომელიც პროტესტის სახელით ილაპარაკებდა. ჩვენ ეროვნულად გვჭირდებოდა ადამიანი. რეჟიმი მთლიანად იზოლირებულია. ჩვენ პროტესტის სახელით ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ, რომ არჩევნებშიც ვერ მივიღეთ მონაწილეობა. ეს ოთხი პარტია სრული რეგვენია და ვიღაცას უნდა ესაუბრა პროტესტის სახელით მათთან, ქართული საზოგადოების სახელით. სალომე ზურაბიშვილი რომ ამას შეძლებს და საერთაშორისო თვალსაზრისით „ლიდერშიპის“ ვაკუმი ამოავსო, ძალიან მიხარია, რასაც არ უნდა ვფიქრობდე სალომე ზურაბიშვილზე, მის წარსულზე და ა.შ. ანუ, სიტუაციურად დღეს ასეა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.