თამარ ჩერგოლეიშვილი - დევდარიანთან დაკავშირებულ პროცესს ციანიდის დრამას ვადარებ, რამაც მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული მდგომარეობა გამოააშკარავა
თამარ ჩერგოლეიშვილი - დევდარიანთან დაკავშირებულ პროცესს ციანიდის დრამას ვადარებ, რამაც მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული მდგომარეობა გამოააშკარავა

დევდარიანთან დაკავშირებულ პროცესს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ციანიდის დრამას ვადარებ, რამაც მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული მდგომარეობა გამოააშკარავა, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს შედარებით მცირე მასშტაბია, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია გაცილებით ძლევამოსილი ორგანიზაციაა, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოება. არსებულმა მდგომარეობამ მესამე სექტორშიც ზუსტად ასე იფეთქა და ამ ადამიანების მიმართ კითხვები გაჩნდა, ხომ არ არიან ისინი კლანურები და მათი კლანის წევრს ხომ არ ეპატიება ის, რაც სხვას არ ეპატიება“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა ზვიად დევდარიანის მეგობრებსა და კოლეგებს, რომლებმაც როგორც თავად თქვეს, ამ ამბავის შესახებ იცოდნენ და დუმდნენ, იყო თუ არა მათი დუმილი ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ამ ქალებზე სავარაუდო ზეწოლა გრძელდებოდა და არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ ეს პრობლემაა.

„ბუნებრივია, იმ ადამიანების სანდოობა დაზიანდა, ვინც ზვიად დევდარიანთან ერთად ქალთა უფლებებისთვის იბრძოდნენ და სხვებს მხოლოდ იმიტომ აგინებდნენ და ქალთმოძულეებად აცხადებდნენ, რომ ვიღაცამ კვოტას მხარი არ დაუჭირა. ამ დროს იცოდნენ, რომ ზვიად დევდარიანი „ბაბნიკია“ და არც კი ჩაძიებიან, მისი „ბაბნიკობა“ სადამდე მიდიოდა. მათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, ამ ამბავმა ძალიან ცუდი ფაქტი გამოავლინა, რომ ეს საზოგადოება ერთგვარად კლანურია და თავისი კლანის წევრს ხელს აფარებს, რაც თუ დადასტურდა, ძალიან ცუდი იქნება.

ერთ–ერთი ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისიც თქვა, ზვიად დევდარიანი ქალებში დატანტალებსო. ჰოდა, თუ დატანტალებს, ეგება სანამ ქალთა უფლებების მოძრაობაში გვერდზე დაიყენებდით, შეგეხედათ, სადამდე მიტანტალებდა?!“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

როგორც „ტაბულას“ დამფუძნებელმა აღნიშნა, ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის ქალთა უფლებებზე ისეთივე რიხით საუბარი გაცილებით რთული იქნება, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ.

„მომხდარმა სამოქალაქო საზოგადოებისადმი ნდობა ძალიან შეარყია, მაგრამ იმედი მაქვს, სამოქალაქო საზოგადოება თავის თავში ძალას გამონახავს, რომ ნდობა აღიდგინოს, მით უფრო, ისინი თავიანთ შეცდომას უფრო სწრაფად მიხვდნენ და რეაგირებაც სწრაფად მისცეს, ვიდრე ამას სახელმწიფო უწყებები აკეთებენ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.