თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ აქციას მართავენ.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, აქციები გაგრძელდება, ვიდრე მისი შვილის საქმეზე სიმართლე არ გაირკვევა.

„ეს მთავრობა უნდა ჩამოიშალოს, მკვდარია უკვე. ცოცხალი თავით, ვიდრე სიმართლეს არ გავარკვევ, აქციები გაგრძელდება. ამ მთავრობამ ასეთი შვილი მომიკლა“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ამასთან, გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის საქმის გამოძიებაში თუ ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, საელჩოს შენობასთან შიმშილობას დაიწყებს.

„საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას, ველოდები სამი დღის განმავლობაში. უკვე გაგზავნილია ოფიციალური წერილი, თუ არ მოხდება „ეფბიაის“ ჩართულობა, მე, დედა დავჯდები და გამოვაცხადებ შიმშილობას“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრასაც ითხოვენ.

აქციაზე იმყოფებოდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები და მალხაზ მაჩალიკაშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.