თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - ბევრ ჩვენებაზე მაქვს ინფორმაცია, რასაც გადავამოწმებ, დანიშნულია კალიგრაფიული ექსპერტიზაც
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - ბევრ ჩვენებაზე მაქვს ინფორმაცია, რასაც გადავამოწმებ, დანიშნულია კალიგრაფიული ექსპერტიზაც

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა საქმის მასალების გასაცნობად.

როგორც უფლებადამცველმა საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საქმე მოცულობითია და ის გეგმავს, რომ უწყებაში ყოველდღე იაროს.

„ძალიან დიდი მასალაა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით გამოთხოვილი არის ყველა ის მარშუტი, რაც გარდაცვლილმა თავისი მანქანით გაიარა. ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემ მიერ იყოს ეს ყველაფერი გადამოწმებული. გარკვეულ ჩვენებებსაც გადავხედე. რაც მთავარია, რომ ჩემი მოთხოვნები ექსპერტიზებთან დაკავშირებით აბსოლუტურად დეტალურად არის შეყვანილი საქმეში. საუბარია ექსპერტიზების საკმაოდ მოცულობით ჩამონათვალზე, რაც უნდა ჩატარდეს. ექსპერტიზა გარკვეულწილად შექმნის უკვე რეალურ სურათს, მაგალითად, როგორ აღმოჩნდა იქ მანქანა და არის ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი რომელზეც, ჯერ წინასწარ არ გავცემ პასუხს. ყველაზე დიდი ვერაგობაა, როდესაც ინფორმაციები გაჟონავს და ყველა მერე ამით თავს იზღვევს. მერწმუნეთ ყველას გეცოდინებათ ის რაც მართლაც თქვენს ინტერესებსაც დააკმაყოფილებს, მაგრამ დაცული ვიქნებით და პირველ რიგში სამართლიანობა აღდგება. დაუსჯელი არავინ არ დარჩება. ყველას ინტერესი იქნება დაკმაყოფილებული, მაგრამ არა იმ დოზით რომ ამ საქმეს ხელი შეეშალოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს რამიშვილმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა გამოძიებასთან პრეტენზია, უფლებადამცველი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს, თუმცა მისივე თქმით, კითხვები არსებობს იმ საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

„ამ ეტაპზე არ მაქვს, მაგრამ ხვალ იმ ხუთდღიან ძებნასთან დაკავშირებით მოვითხოვ და დაველოდები რამდენიმე დღეში პასუხს, თუ ეს ხუთი დღე როგორ მიმდინარეობდა ძებნა. კითხვის ნიშნები არ ამოიწურება არასდროს. კითხვის ნიშნები იქნება, ვიდრე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგინდება. ყველაფერი მაშინ იქნება კარგად, როცა ოჯახი დარწმუნდება სამართლიანობაში, როდესაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ბევრი ადამიანია დაკითხული. ბევრი ნიუანსი მაქვს ნანახი, ბევრი ადამიანის ჩვენებების თაობაზე რაღაც ინფორმაციები მაქვს, რომელსაც პარალელურ რეჟიმში გადავამოწმებ და ბევრ შესაბამისობას ვნახავ. დანიშნულია კალიგრაფიული ექსპერტიზაც. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ დალუქულია, ჩემ მიერ არის ხელმოწერილი. ხვალ დაკრძალვაა და მას მერე მოვალ. ყოველდღე მოვალ დასვენებას, არ ვაპირებ“, – განაცხადა რამიშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა გუშინ არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.