თამარ არჩუაძე - საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10 პროცენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის
თამარ არჩუაძე - საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10 პროცენტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის

სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. ეს არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომლითაც ჩვენ ვიწვევთ ე.წ. ლოუქოსთერებს ჩვენს აეროპორტში. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საშუალებით ვატარებთ ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას. ვფიქრობთ, მომავალში ეს ტრენდი შენარჩუნებული იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

თამარ არჩუაძე ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის შეფასებით, სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. თამარ არჩუაძის თქმით, მზარდი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ მაჩვენებელზე დადებითად აისახება.

„2019 წელს საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10 პროცენტი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტზე მოდის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ვაფართოვებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოებს, რაც უფრო მეტი ვიზიტორის მიღების საშუალებას მოგცემს“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, წინა წელთან შედარებით, 41.6 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.

ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ პრესსამსახური ავრცელებს.