თამარ არჩუაძე - საერთაშორისო ფრენებისთვის საქართველოს ცა პირველი ივლისიდან იხსნება, აეროპორტებში ამისთვის მზადება მიმდინარეობს
თამარ არჩუაძე - საერთაშორისო ფრენებისთვის საქართველოს ცა პირველი ივლისიდან იხსნება, აეროპორტებში ამისთვის მზადება მიმდინარეობს

საერთაშორისო ფრენებისთვის საქართველოს ცა მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან იხსნება. ეს ეტაპობრივად, მსოფლიოში არსებული ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს „აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა“, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აეროპორტებში შესაბამისი მზადება მიმდინარეობს.

„ხდება აეროპორტების დასტიკერება, სკანერების დამონტაჟება, რათა მგზავრებმა სოციალური დისტანციის დაცვით, მაქსიმალურად კომფორტულად გაიარონ აეროპორტების სათანადო პროცედურები. მგზავრებისთვის აუცილებელი იქნება პირბადე. ტემპერატურის შემთხვევაში, მოუწევთ დამატებითი შემოწმება, თუ არ აღმოაჩნდებათ „კოვიდისთვის“ დამახასიათებელი სიმპტომები, ისინი შეძლებენ, ჩვეულებრივ გაემგზავრონ მათთვის სასურველ ქვეყანაში, რომელიც ასევე გაგვიხსნის ჩვენ საზღვრებს“, – აცხადებს არჩუაძე.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მოცემულ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ბორტზე ხელბარგით ასვლა, თუმცა მგზავრებს ეთხოვებათ, ჩასხდომაზე შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად კომპაქტური ჩანთა იქონიონ.

რაც შეეხება საქართველოდან წამსვლელი და ჩამომსვლელი მგზავრებისთვის აქტუალური 72 საათიანი „პისიარ“ ტესტის ვალდებულებას, „აეროპორტების გაერთიანების დირექტორის“ თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით. ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებული, როგორც „მწვანე ქვეყნები“. „მწვანე ქვეყნების“ კორიდორის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ამ „მწვანე ქვეყნებს“ შორის ფრენა იყოს შეფერხებისა და დამატებითი ცნობების გარეშე. თუ აღნიშნული იქნება მიღწეული, საქართველოში შემოსვლა და გასვლა იქნება შესაძლებელი აღნიშნული ცნობების გარეშე. თუმცა ეს მაინც საჭიროებს დამატებით დასტურს, ამიტომ ველოდებით. ქვეყნები, რომლებიც არიან ოფიციალურად „მწვანე“, ცდილობენ, შეჯერდნენ პროტოკოლზე, რომელიც მოგვცემს საშულებას, მაქსიმალურად გავაცოცხლოთ ტურიზმი და ნაკლები შეფერხება იყოს მგზავრებისთვის“, – ამბობს თამარ არჩუაძე.