„თალიბანის“ განცხადებით, გენდერული სეგრეგაციის პირობებში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მიეცემათ
„თალიბანის“ განცხადებით, გენდერული სეგრეგაციის პირობებში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მიეცემათ

„თალიბანის“ განცხადებით, გენდერული სეგრეგაციის პირობებში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის უფლება მიეცემათ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„თალიბანის“ მიერ გამოცხადებული ახალი მთავრობის განათლების მინისტრ აბდულ ჰაქანის განცხადებით, ქალებს უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა გენდერული სეგრეგაცია და ისლამური ჩაცმის წესი დაცული უნდა იყოს. მისი თქმით, მასწავლებლებად ქალები დაინიშნებიან, ხოლო ქალთა საკლასო ოთახები ცალკე იქნება გამოყოფილი, რაც შარიათის კანონს არ ეწინააღმდეგება.

ჰაქანის განცხადებით, „თალიბანს“ ქვეყნის მშენებლობა დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით აქვს დაგეგმილი და არ სურს 20 წლის წინ არსებული ვითარების დაბრუნება, როდესაც დაჯგუფება ავღანეთის ხელისუფლებაში იყო. მისი თქმით, ჰიჯაბის ტარება ყველა ქალისთვის აუცილებელი იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სავალდებულო იქნება თუ არა სახის დაფარვა.

ქალთა უფლებები „თალიბანის“ ახალი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მათი განცხადებით, ქალებს სწავლისა და მუშაობის უფლება შარიათის კანონისა და ადგილობრივი კულტურის შესაბამისად ექნებათ.