რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. მოლაპარაკებების გამართვა 2019 წლის იანვარში საუდის არაბეთში იგეგმებოდა.
„თალიბანის“ წარმომადგენლებმა, ავღანეთის 17-წლიანი ომის დასრულების მიზნით, მიმდინარე თვეში მოლაპარაკებები რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართეს.
„მომდევნო წლის იანვარში აშშ-ის ოფიციალურ პირებს შევხვდებით და მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. თუმცა, ყველა დაინტერესებულ მხარეს ნათლად ავუხსენით, რომ ავღანეთის მთავრობას არ დაველაპარაკებით“, – განუცხადა „თალიბანის“ ლიდერთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა სააგენტო Reuters-ს.