თაკო ჩარკვიანის ორგანიზებით, „სახალხო მოძრაობა“ თბილისში აქციას მართავს
თაკო ჩარკვიანის ორგანიზებით, „სახალხო მოძრაობა“ თბილისში აქციას მართავს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე თაკო ჩარკვიანის ორგანიზებით, „სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ აქციას მართავს.

მოძრაობის ხელმძღვანელის, პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხელისუფლებამ რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის გასამართლება მოინდომა.

ამასთან, აქციაზე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს პატივი მიაგეს.

„დღეს არის უმძიმესი დღე, გთხოვთ, დავხაროთ დროშები, დღეს მდუმარების დრო არ არის, ბათუმში გარდაცვლილებს ვუთხრათ ზარი…მახინჯი სამართლებრივი სისტემა, რომელიც იმდენად სამარცხვინოა, რომ რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის გასამართლება მოინდომეს. პოლიტიკური არ იქნებოდა დღევანდელი აქცია, რომ არ ვიცოდეთ, რომ გუშინდელი ნანგრევების ქვეშ მოყოლილი საქართველო ჩვენი მომავალი თაობაა, რომელიც ჩვენ თვითონ ჩვენი ამბიციებით დავაკიდებინეთ ფეხებზე სევდა-ოპოზიციური გამოხტომებით, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ არც არასდროს მაინტერესებდა ვინმე უგვანო, დაკომპლექსებული ადამიანის აზრი, თორემ მაშინ აქ არ ვიქნებოდი, რადგან, სამწუხაროდ, იდიოტები ორივე მხარეს მოიძებნებიან. ეს არის სოლიდარობის, ტირილის, საპრევენციო აქცია, ეს არის მთლიანობის დასაწყისის აქცია. მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, მე ვინ ვარ, რომ რამე არ გაპატიოთ, ჩვენ ერთმანეთს ყველაფერი უნდა ვაპატიოთ – 14 ჯობია, თუ 10. ათიც ჩვენ ვართ, თოთხმეტიც, საქართველოსთვის ვართ“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანის თქმით, ასეთ ბრძოლაში არის ხოლმე ხალხი დასამახსოვრებელი.

„არჩევნების დროს რომ დაავიწყდებათ ვადამდელი არჩევნები და „ნაციონალების“ ხმებით კოალიციაში შედიან, მერე რუსეთის მიერ დაჭერილ კაცს ეტყვიან, შენს მხარდასაჭერად არ მოვალთო, ჩვენ ხალხი არ ვიყოთ, ისინი თუ არ ჩავრეცხეთ, პოლიტიკურად უნდა ჩავრეცხოთ. განა, გუშინ ღამე არ მეცოდინებოდა, რომ 20 000 კაცი აქ არ იდგებოდა? მაგრამ, მე პირნათელი უნდა ვიყო და აუცილებლად ვიტყვი, რომ იმ ათას კაცში ვიყავი, როცა ყველაზე მეტად უჭირდათ ადამიანებს, ეთქვათ, რომ ჩვენ ერთად ვართ საქართველოს ნანგრევებიდან ამოსაყვანად“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.