თაკო ჩარკვიანი - საქართველოს პატრონი როგორ იქნება ქალბატონი, რომელიც აბეზღებს თავის ქვეყანას და ცილს წამებს
თაკო ჩარკვიანი - საქართველოს პატრონი როგორ იქნება ქალბატონი, რომელიც აბეზღებს თავის ქვეყანას და ცილს წამებს

საქართველოს პატრონი როგორ იქნება ქალბატონი, რომელიც აბეზღებს თავის ქვეყანას და ცილს წამებს, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე ფილარმონიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, დღეს ნამდვილმა ოპოზიციამ უნდა აიღოს ხელში საჭე. მისი თქმით, პატრონი უნდა ჰყავდეს საქართველოს საერთაშორისო გზაზე.

„მე პირადად რატომ გავაანალიზე, რომ აუცილებლად ამ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი ჩვენმა ძალიან გონიერმა, ღირსეულმა და ძალიან გაწვალებულმა ქალაქმა, რადგან დღეს ნამდვილმა ოპოზიციამ უნდა აიღოს ხელში საჭე. პატრონი უნდა ჰყავდეს საქართველოს საერთაშორისო გზაზე.

აბა, პატრონი როგორ იქნება ის ქალბატონი, რომელიც აბეზღებს თავის ქვეყანას და ცილს წამებს, რომ თურმე საქართველომ ომი დაიწყო და საკუთარი ხალხი დაბომბა. მსგავსი განცხადება არც კი მომისმენია, არც კი ვიცი ისტორიის ის ფურცელი, როდესაც საერთაშორისო არენაზე ასე ცილი დასწამა ვინმემ თავის ქვეყანას. კი ვიცოდით, ღალატიც იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ სადღაც აქ სრულდებოდა და მთავრდებოდა ყველაფერი.

ასე მასშტაბურად კიდევ მოითხოვოს ხელისუფლებამ, დაგვისვას დასტურად მთელ მსოფლიოში ერთი სალახანა კანდიდატი, უცხო ქვეყნის რენეგატი, ამ სიტყვის არ მეშინია, რომელმაც მთელ მსოფლიოს უნდა ამცნოს, რომ საკუთარ სამშობლოში შემოიჭრა უცხო ქვეყანა, ჩემს სამშობლოში – ეს ხომ მაშინ იმ დღეს არ დაწყებულა, ისინი ხომ მანამდე შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და თურმე, საქართველოს ომი დაუწყია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.