თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილს მინდა, ვკითხო, ეს ხელისუფლება თქვენ თუ გბლოკავთ, წარმოიდგინეთ, პოლიტპატიმრები რა დღეში ეყოლებათ, დალოცვილო, მიგეღოთ შეწყალების გადაწყვეტილება
თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილს მინდა, ვკითხო, ეს ხელისუფლება თქვენ თუ გბლოკავთ, წარმოიდგინეთ, პოლიტპატიმრები რა დღეში ეყოლებათ, დალოცვილო, მიგეღოთ შეწყალების გადაწყვეტილება

ქალბატონი ზურაბიშვილი სისტემატურად რაღაცას დაიწყებს, შემდეგ კი ვერ მიჰყავს ეს ბოლომდე და არ მომწონს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„კი ბატონო, ძალიან კარგია, რომ ქალბატონმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ რაღაც განცხადება გააკეთა, მაგრამ ეს ქალბატონი სისტემატურად, რაღაცას დაიწყებს, შემდეგ კი ვერ მიჰყავს ეს ბოლომდე და არ მომწონს. მე არ მიყვარს ასეთი არათანმიმდევრული პოლიტიკოსები და არ ვარ დიდად აღფრთოვანებული მისი გუშინდელი ჯერ გამოსვლით, შემდეგ კი იმით, რომ იმწამსვე შეცვლის ხოლმე რიტორიკას. მე დამბლოკეს და არსად არ მიშვებენო. კი, მაგრამ მინდა, სალომე ზურაბიშვილს ვკითხო – ქალბატონო სალომე, ეს ხელისუფლება თქვენ თუ გბლოკავთ, წარმოიდგინეთ, პოლიტპატიმრები რა დღეში ეყოლებათ და დალოცვილო, მიგეღოთ შეწყალების გადაწყვეტილება?! თუ პრეზიდენტის ინსტიტუციას ასე ბლოკავენ და ქალბატონ სალომეს ასე უდიერად ექცევიან, რა, ქალბატონმა სალომემ არ იცის, რომ მას თუ ასე ექცევიან, საქართველოში ერთ-ერთ უპირველეს ინსტიტუციას, მაშინ რა დღეში ეყოლებათ გვარამია, სააკაშვილი და სხვა პატიმრები, სხვათა შორის?!“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს გამბედაობა აკლია, რათა შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს, რაზეც გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, რამდენად რელევანტურია საუბარი პრეზიდენტის გამბედაობასა და ხასიათზე მაშინ, როდესაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმესთან მიმართებაში, თაკო ჩარკვიანმა კი თქვა, რომ არსებობს შერჩევითი სამართალი, თორემ საზოგადოებამ იცის რამდენიმე შემთხვევა, მაგალითად ჩოლოიანის შეწყალება.

მისივე თქმით, ორი დღის წინ დააინიცირა საყოველთაო ამნისტიის კანონი, რომელიც მძიმე დანაშაულებს არ ეხება.

„იმ დროს, როცა პოლარიზება ხდება, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ასეთი გაჭირვების დროს მთელმა რიგმა ქვეყნებმა მიიღეს საყოველთაო ამნისტიის კანონი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ვრცელდება თუ არა მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილზე, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ის ყველაზე გავრცელდება.

„არა მხოლოდ გვარამიას და სააკაშვილს შეეხება, ყველაზე გავრცელდება, მაგრამ მე არ მიყვარს ფარისევლობა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპონენტი, რატომაც მე ეს შევიტანე, ის არის, რომ სააკაშვილსა და გვარამიას შეეხოს. ხომ იცით, რომ მე ტყუილები არ მიყვარს და არ დავიწყებ, იცით რა და ა.შ. იმიტომ, რომ იმ პოლარიზებას იწვევს სწორედ ორი მსხვილი პოლიტიკური ფიგურა. მით უფრო, საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ამიტომ არის ეს პოლარიზება, არა?! და მე რატომ დავიწყო ახლა ტყუილები?! რა თქმა უნდა, ამიტომაც, მაგრამ მიხარია, რომ ეს ყველაფერი იმ საწყალ პატიმრებსაც შეეხება. როგორც სხვებს ექცევიან უსამართლოდ, დარწმუნებული ვარ, სხვა პატიმრებიც გადიან იმ უსამართლობას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, არიან თუ არა ოპოზიციაში პარტიები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, როგორც ამას მმართველი გუნდი აცხადებს, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ ასეთი არავინ ეგულება.

„ერთი ადამიანი არ მეგულება ისეთი, ეს რომ უნდოდეს. ერთადერთი, თამამად შემიძლია, ვთქვა, გახარიას პარტიაზე, ისიც მათი განცხადებიდან გამომდინარე, თორემ არც მათ ვაკადრებდი. თქვენ ალბათ, ნახეთ გახარიას პარტიის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება სავარაუდოდ, ზიანს მოუტანს ქვეყანასო, რაც მინდა გითხრათ, ხალხის მიმართ გადმოსროლილი დეზინფორმაციაა და ეს არის „ოცნებაში“ შემუშავებული მესიჯბოქსი. რატომ? ახლავე გეტყვით – დასავლელმა პარტნიორებმა ხაზგასმით თქვეს, რომ ქვეყანა და ხალხი არ სანქცირდება და დაასახელეს რამდენიმე გვარი, რომლებსაც დასანქცირებას უპირებენ. ამიტომ შემიძლია, გახარიაზე ეს ვთქვა, მეტი არაფერი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ისევე უნდა მოქცეულიყო, როგორც ბალტიის ქვეყნები იქცეოდნენ.

„ისინი მორჩილად ყველაფერს იღებდნენ დასავლეთისგან, რომ როგორმე ცხვირი შეეყოთ და გამხდარიყვნენ დასავლური ოჯახის წევრები, ესენი კი ამბობენ, რაღაცა თითქოს არ გვინდა, სხვისი გავხდებით და ა.შ. ვინ სხვისი? ვინ მისცემს გრეჩიხას და ვინ დაუთმობს მაპატიეთ და „ჩასტუშკების“ სამღერლად?! დიდი ბოდიში. როგორმე მოვახერხებთ უკეთესი სიმღერების მოსმენას, არავის რაფერი არ გვიკვირს ოჯახებში, არავის სიმღერა არ გვიკვირს. მით უმეტეს, ჩაკრულოს პატრონია საქართველო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.