თაკო ჩარკვიანი - ქუჩის პროტესტს განვაგრძობთ
თაკო ჩარკვიანი - ქუჩის პროტესტს განვაგრძობთ

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქუჩის აქტიურობა დიალოგთან კავშირში არ არის. მისივე თქმით, ხელისუფლებას ხალხის ტალღის ეშინია, რის გამოც ქუჩის პროტესტი გაგრძელდება.

როგორც ჩარკვიანი ამბობს, ნამდვილი ბრძოლა სწორედ ეს არის.

„ქუჩის აქტიურობა არაფერ კავშირში არ არის დიალოგთან. არ საუბრობენ ესენი ნორმალურად და ამიტომ, რაზე ვესაუბროთ. გუშინ ჩამოსული იყო ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად მეგობრობა შემოგვთავაზა, რომ მედიაციაში გადასულიყო ეს ყველაფერი. ეს პროცესისთვის კარგია. ღარიბაშვილი რომ დღეს ასე ხისტად გამოვიდა, მაინც არ მეშინია, მგონია, რომ თავდაცვის ერთგვარი ფორმაა. თავდაცვაა მისი, ისევ იხედება კუნთებზე. არ არგებს ეს ქვეყანას. ჩვენ გავაგრძელებთ ქუჩის პროტესტს, რადგან ისეთ ხისტ ადამიანს, როგორიც ღარიბაშვილია და ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ეშინია ქუჩის პროტესტის, ხალხის ტალღისა, სხვა ამათ არაფერი არ შველით. გახსოვთ, პროპორციულთან დაკავშირებით როგორი დაპირებები იყო და როგორ მოატყუა, გადააგდო დიპლომატიური კორპუსი. ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც ასეთი აღვირახსნილია და რუსული მართვის სტილია, ერთადერთი ქუჩის აქციები თუ შეაწუხებთ მათ. სიმშვიდეს დაურღვევ, რომ კორუფცია ვეღარ შეერგოთ. ერთადერთი გზა ესაა ბრძოლისა. ვფიქრობ, ნამდვილი ბრძოლა თუ გვინდა, ეს არის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „პიკეტირების მცდელობით, არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელა ოპოზიციამ“.

„ეს არის სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. უფრო მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის ქმედებები ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა, თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს ემსახურება.