თაკო ჩარკვიანი - პერმანენტული ბრძოლა დაიწყო
თაკო ჩარკვიანი - პერმანენტული ბრძოლა დაიწყო

ყველაფერზე ვისაუბრეთ. ახლა დაიწყო ბრძოლა პერმანენტული, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დიალოგისთვის მუდმივად მზად არის, მაგრამ ხელისუფლება „ყველა დიალოგს ძირშივე კლავს“.

„გუშინდელი დღე უმნიშვნელოვანესი იყო. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო კობახიძის ძალიან საშიში განცხადება. ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით, გუშინ რეჟიმის გაცხადება. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს დარჩა ის, რომ ამ არაკონსტიტუციურ განაცხადს დაეთანხმოს და პრაქტიკულად ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს.

გუშინდელი დღე იყო გარდამტეხი ამ ყველაფრისა. დილოგი გვინდაო ამბობენ და როგორც კი გამოჩნდება რამე, მაშინვე კობახიძეს გამოაჩენენ. ხელისუფლება ყველა დიალოგს ძირშივე კლავს, რადგან მედიატორად, არ შეიძლება, ასეთი სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასულ ადამიანს უშვებს. უმნიშვნელოვანესი ბრძოლა აქციებით, შეკრებებით გრძელდება, ჩვენ მივიღებთ ერთ დოკუმენტს, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება მედიისთვისაც, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ რაიმეზე ვამბობთ უარს. ოპოზიცია დიალოგისთვის მუდმივად მზადაა. არაფერზე არ მოდის, გვევაჭრება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.