თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩემი პრეტენზიები გამართლდა, 2018 წელს, მეორე ტურის შემდეგ მას ხელში ჰქონდა 29-პროცენტიანი პარტია და რვა პროცენტზე დაიყვანა
თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩემი პრეტენზიები გამართლდა, 2018 წელს, მეორე ტურის შემდეგ მას ხელში ჰქონდა 29-პროცენტიანი პარტია და რვა პროცენტზე დაიყვანა

2018 წელს ბევრმა ადამიანმა ჯანმრთელობა ჩავდეთ იმაში, რომ როგორმე ძალა ერთობა ყოფილიყო, რომლის შენარჩუნებაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ამბიციური პოლიტიკოსის თუ პოლიტიკანის გამო ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება, დასავლური ვექტორი მის გარშემო უნდა გაერთიანდეს.

„თქვენც შეამჩნევდით, რომ ერთი კვირაა, გარკვეულწილად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ დასავლური ვექტორი გავერთიანდეთ. ეს მომწონს ერთმნიშვნელოვნად, ამისთვის ვიღვწვი მუდამ. მიმაჩნია, რომ 2018 წელს ბევრმა ადამიანმა ჯანმრთელობა ჩავდეთ იმაში, რომ როგორმე ძალა ერთობა ყოფილიყო, რომლის შენარჩუნებაც, სამწუხაროდ, ბრჭყალებში, ზოგიერთი ამბიციური პოლიტიკოსის თუ პოლიტიკანის გამო ვერ მოხერხდა. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რაღაც ხდება, ამ ერთი საკითხის გარშემო უნდა გაერთიანდეს დასავლური ვექტორი. ტალახშიც კი გავიარე 2018 წელს და ბევრისთვის გაუგებარი იყო ჩემი ნაბიჯები. დღეს უფრო ესმით, რატომ გავაკეთე ეს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, „რა არის საფუძველი იმისა, რომ ხშირად აკრიტიკებთ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს“. თაკო ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით მისი პრეტენზიები გამართლდა.

მისივე განცხადებით, არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მხრიდან „პარტიაში სტაგნაციისა და უძრაობის შეტანაა“.

„რაც შეეხება კითხვას ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ჩემი პრეტენზიები გამართლდა. რა პრეტენზია შეიძლება, მქონოდა იმ დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტიისადმი, რომლის წევრი არ ვარ, მაგრამ ერთ-ერთს, მე ძალიან დიდი წვლილი მაქვს შეტანილი, რომ მსხვილი ოპოზიციური დასავლური ვექტორის პარტია დასუსტებული როდესაც იყო, მაშინ მოძლიერებულიყო. რატომ მინდოდა ასე? ცოტა შორს ვიხედები და ჩემთვის ამომავალი წერტილი არის რუსეთ-საქართველოს ბრძოლა. ამიტომ ამ ბრძოლის დროს, ამ ბრძოლაში შესუსტებული დასავლური ვექტორი იქნებოდა კატასტროფა. მეორე ტური ხომ დავდეთ, ეს პრაქტიკული გამარჯვება იყო მაშინდელი ოპოზიციის. მას შემდეგ ყველაფერი თავდაყირა წამოვიდა. რა შეიძლება, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პროცესს გაუკეთოს ცუდი? ის, რომ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში შემოიტანოს სტაგნაცია და უძრაობა. ამაზე ცუდი არაფერი არსებობს. ამას მოაქვს ნიჰილიზმი. ეს გააკეთა ამ ახალგაზრდა კაცმა – ნებსით თუ უნებლიეთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიკა მელიას ხომ არ ადანაშაულებთ პარტიაში უძრაობის შეტანაში, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მას ადანაშაულებს.

„რა თქმა უნდა. ნებსით მოხდა, უნებლიეთ, ცუდი სტრატეგიაა, მე არ ვიცი, რა არის. შეიძლება, ბევრი რამ ვიცი, მაგრამ, არ ვისაუბრებ, თუმცა ფაქტია, რომ 2018 წელს, მეორე ტურის შემდეგ მას ხელში ჰქონდა 29-პროცენტიანი პარტია, მეტიც და რვა პროცენტზე დაიყვანა. თითქმის ყველაფერი ვთქვი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა ასევე შეაფასა საქართველოს პირველი არხის ეთერში რამდენიმე დღის წინ კეზერაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებაც, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

როგორც ჩარკვიანი ამბობს, როცა ადამიანი ცოტა ხნის წინ კეზერაშვილს პარტნიორად მიიჩნევდა და შემდეგ, როგორც ოლიგარქზე, ისე ისაუბრა, ეს ნორმალური არ არის.

„ჩემს სიცოცხლეში შეხებაც კი არ მქონია კეზერაშვილთან, ამიტომ თამამად შემიძლია, ვისაუბრო. 2022 წლის განცხადება ვნახე, რამდენიმე თვის წინანდელი მელიაზე, სადაც ის, როგორც პარტნიორზე, ისე საუბრობს კეზერაშვილზე. ახლა, როდესაც ოლიგარქატზე, კანონზე მუშაობს ხელისუფლება და ოპოზიცია, ოპოზიციიდან უცებ გამოდის მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ოპოზიციის მხარეს მყოფ კეზერაშვილს, როგორც ოლიგარქს, ისე მოიხსენიებს. ეს არ ბადებს სულ ცოტა ეჭვს? ბიძინა ივანიშვილი უკვე შეიტანეს ოლიგარქთა სიაში, ვგულისხმობ დასავლეთს და პრაქტიკულად ამბობს, რომ თურმე არა, ოპოზიციაში ყოფილა ოლიგარქი კეზერაშვილის სახით. საინტერესოა, როდის შეიტყო ამ ყმაწვილმა ამის შესახებ, ამ ლიდერმა, მელიამ. თამარ ჩარკვიანმა რომ ამაზე ისაუბროს, სხვამ, რომელსაც შეხება არ გვქონია ცხოვრებაში, შეიძლება, ვიღაცამ გაიგოს ეს. კერზერაშვილზე მელია რომ საუბრობს, რომელსაც პარტნიორად მიიჩნევდა გუშინწინ, ეს ახლა ნორმალურია? არ ბადებს ლეგიტიმურ კითხვებს? სულ ცოტა ეს არის პოლიტიოკურად მორალს აცდენილი, სტრატეგიულად არასწორი, პოლიტიკურად სრულიად გამოცლილი მორალს. ჩემთვის მორალს გამოცლილი პოლიტიკით საქართველო წინ ვერ წავა, ვერც „ოცნებიდან“ რომ აკეთოს ხალხმა და ვერც ოპოზიციიდან ფსევდოლიდერებმა“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.