თაკო ჩარკვიანი - მსხვილი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გადაწყვიტა, მოქმედებაში მოვიდეს და აირჩიეს თავმჯდომარედ, მივესალმები მას, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ ოპოზიცია არსებობს
თაკო ჩარკვიანი - მსხვილი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გადაწყვიტა, მოქმედებაში მოვიდეს და აირჩიეს თავმჯდომარედ, მივესალმები მას, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ ოპოზიცია არსებობს

„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის შეფასებით, ლევან ხაბეიშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოქმედებაში მოიყვანს. ჩარკვიანის თქმით, ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ პრეტენზია სწორედ უმოქმედობას უკავშირდებოდა და ხელისუფლება ვერ გრძნობდა, რომ ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა.

თაკო ჩარკვიანს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია არ მივიდა.

„მომსვლელთა გადასაწყვეტია, ჩემი პარტია რომ ყოფილიყო, ასე არ მოვიქცეოდი. ამ დროს კარგია, რომ მიულოცო, ეს არის დემოკრატიის ნაწილი. მათ არ მოინდომეს ასე. ასე რომ, მათზე აღარ ვისაუბრებ. ვისაუბრებ მოქმედ თავმჯდომარეზე, მის გეგმებზე. რისთვისაც გადაირჩიეს ყოფილი თავჯდომარე, იყო პრეტენზია მის უმოქმედობასთან დაკავშირებით. ეს არ ეხება მხოლოდ იმას, რატომ არ გამოიყვანე ვიღაც ციხიდან. არა, ზოგადად, ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ ძლიერი, მოქმედებაში მოსული ოპოზიცია ჰყავს, მან არ იგრძნო. თვეების განმავლობაში ყველას, მცირე პარტიებს ხალხი გვთხოვდა, სად ხართ, რას აკეთებთ, რატომ არ მოქმედებთ. მსხვილი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ მოვიდეს მოქმედებაში. ნაწილმა აუბა მას მხარი, აირჩიეს თავჯდომარედ და, როგორც ჩანს, ამას აპირებს. მივესალმები მას, რადგან მეც მიმაჩნია, რომ, ზოგადად, ოპოზიციას აკლია მოქმედება. ეს არ გულისხმობს ქვების სროლას, არც ომს და არც არაფერს, არამედ უნდა იგრძნოს ხელისუფლებამ, რომ ოპოზიცია არსებობს. თუ არ არსებობ, ხალხი არ გენდობა, ნიჰილიზმს თესავს უმოქმედობა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც გააკეთა კომენტარი. ჩარკვიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადებით უნდა გადაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იარსებებს სამოქალაქო დაპირისპირების რისკი.

„სამოქალაქო დაპირისპირების რისკი მაშინ არის, როდესაც უნებლიეთ მონაწილენი ვხვდებით ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობისა. აი, ეს არის უკვე სამოქალაქო დაპირისპირება. შემდეგ ვინ გაისვრის და რა უბედურება შეიძლება დაგვატყდეს თავზე, ამას ვერავინ გააკონტროლებს. ამიტომ ეს სისულელე არ დაგვემართოს მეორედ, მსგავსი სისულელე არ უნდა მოხდეს.  უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებაზე არის პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ვინ აკონტროლებს ამ ყველაფერს? უპირველესად ხელისუფლება. მთელი მსოფლიო თხოვს, სულ რომ ასე არ ფიქრობდეს ხელისუფალი, იმდენად ანტისახელმწიფოებრივია სხვაგვარად მოქცევა, იმდენად არასწორია ქართული სახელმწიფოსთვის, რომ უნდა წავიდეს ამ დათმობაზე და გადავადებით გადაიყვანოს მესამე პრეზიდენტი, თორემ მართლა მოხდება ძალიან მძიმე დაპირისპირება. ეს არ გულისხმობს მაინც და მაინც სროლას, მაგრამ ვერასოდეს გავაკონტროლებთ, მესამე ძალის მხრიდან ვინ რა შეიძლება გააკეთოს და რა პროვოკაცია მოაწყოს“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.