თაკო ჩარკვიანი - მომხრე ვარ, ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება საერთაშორისო ექსპერტებისა და აქაური პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდეს
თაკო ჩარკვიანი - მომხრე ვარ, ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება საერთაშორისო ექსპერტებისა და აქაური პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდეს

მომხრე ვარ, რომ საერთაშორისო ექსპერტებით და აქაური პროფესიონალებით ჩატარდეს გამოძიება ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყანაშია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას აღნიშნა.

ჩარკვიანის თქმით, კარგი იქნება, თუ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება საერთაშორისო ექსპერტებისა და აქაური პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდება.

„პროკურატურისგან ფარული ჩანაწერების გამოძიების მოლოდინი არა მაქვს. კაბელების ხალხი რომ უდანაშაულოდ ჩასვეს, ის შოთაძე არ არის წელიწადი და ოთხი თვე? მაგრამ ყოველთვის ვიცავ წესს, რიგს და ვინაიდან პროკურატურა არსებობს, შეიტანა ხომ „ლელომ“ განცხადება. მომწონს ეს ფაქტი, სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ კიდევ არსებობენ საერთაშორისო ექსპერტები. მომხრე ვარ, რომ საერთაშორისო ექსპერტებით და აქაური პროფესიონალებით ჩატარდეს გამოძიება ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყანაშია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას, ჩარკვიანი აცხადებს, რომ კომისიას არ ენდობიან.

„არ ვენდობით თორემ, როგორ არ შევიდოდით, რაზეა საუბარი, მაგრამ ნდობას აღარ იმსახურებენ. გააგიჟეს ხალხი და მეტი არაფერი, თორემ ვის ეხალისება მაგალითად, ქუჩა-ქუჩა წოწიალი. ნდობა აღარ არის, რადგან გახსოვთ, პროპორციულთან დაკავშირებით მთელი დიპლომატიური კორპუსი გადააგდეს, ნახევარში შესრულდა ის დავალება, შესაბამისად, არ არის ნდობა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

საქართველოს პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დღეს დაიწყო.