თაკო ჩარკვიანი - ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ასე უპირობოდ მიღება ნულოვანი ბარიერის არ ხდება
თაკო ჩარკვიანი - ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ასე უპირობოდ მიღება ნულოვანი ბარიერის არ ხდება

ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, იმიტომ, რომ ასე უპირობოდ მიღება ნულოვანი ბარიერის არ ხდება, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

„ეს რთული სამუშაო პროცესია. შეიძლება, რაღაცას დათანხმდე, მაგრამ მაშინ უნდა იცოდე, იქნებ ბლოკები დარჩეს. ასე უპირობოდ დათანხმდე ნულოვან ბარიერს და ჩახალიანის ტიპის პარტიებით გამოავსოს ივანიშვილმა პარლამენტი, ამაზე რა თქმა უნდა არ ვთანხმდებით.

ყველაფერზე საუბარი შეიძლება. არის ვარიანტები. მოხსნილი ბარიერი არანაირად პრობლემა არ არის, იმ შემთხვევაში, თუ ბლოკები იქნება. მორიგი შეხვედრა ხვალ დილით გვექნება. არ მგონია, დღეს ეს ადამიანი იმ მდგომარეობაში იყოს, რომ რაღაცებზე ასე აქტიურად, თამამად და უტიფრად ვაჭრობდეს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ ინიციატივაზე სასაუბროდ შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი კონსულტაციებს ხვალ, 11:00 საათზე გააგრძელებენ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ გუშინ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.